პოეზია
გუთნისდედის ჩივილი
ჯერ იყო დიდი ზამთარი…
გაზაფხულს მაჰყვა ღვარები,
სულ ერთიანად დაიქცა
ჭალა, მამულის თავები;
მიწა მოფხიკა ტიალმა,
კლდენი-ღა დარჩნენ სალები;
გარიყა სასაფლაოცა,
თან მამა-პაპის ძვალები;
ხელ-კუდი გამაშვებინა,
ღვარმა დამტაცა ხარები.
სად მწყემსი ჩამოტიროდა,
სად წიოკობდენ ქალები.
ქუხილი იდგა, დგრიალი,
წარღვნისა შასადარები,
სახლის ბანს მაჰხვდა ზოგისას
და გაამტვრია კარები.
დავჯე, დავიწყე ტირილი,
ქალურად ვიეც თავშია:
ვინ ჩადგა ჩვენსა ცოდვაში,
ვინ დაგვაწესა მთაშია!
მთის მიწამ ღონე დაჰკარგა,
მეც ძალი მიმწყდა მკლავშია.
ვცოდვილობთ, თორო რა ყრია
ეხლანდელს თესვა-მკაშია…
წინად ყოფილა ბარაქა,
იტყვიან, მთა და ბარშია.
ცოდვა გამრავლდა, ძმობილო,
ღმერთს სწადს ჩაგვაგდოს ჭკვაშია;
გადაირია ქვეყანა
ერთურთზე ავის თქმაშია.
მალე ვბერდებით, ნასერიც
მალევ გვერევა თმაშია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა