ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

გულზე წყლულები გამრავლდა

გულზე წყლულები გამრავლდა, თავში ფიქრები ღელავენ; ზოგებს ჩაუცვამ შავები, ზოგნი ისევა ელავენ, ლაფიანს სინამდვილესა ია-ვარდითა ჰფერავენ. დაფლეთილს ობლის კაბასა ფერად ნაჭრებით ჰკერავენ… მიყვარს ნათელი ფიქრები, არ მტანჯვენ, არა მთელავენ. მტირალო შავო ფიქრებო, არ მამწონ თქვენი გოდება. დამწვარს და გაოხრებულსა ცრემლის-ღა მინდა მოდება?! უსასოებას მიმოძღვრებთ, ცოცხალს სულსა მხდით ძალადა. ჯერ ცოცხალი ვარ ისევა – ძალ-ღონეცა მაქვს მრავლადა. მომესიენით, წყეულნო, რა მნახეთ, გავხდი ავადა? დღეს ავადმყოფი, არ უწყით, ხვალ შევიქნები კარგადა! მოგიგდებინებთ, არ გზიდავთ უსიამოვნო ბარგადა. შორს ჩემგან, შავო ფიქრებო, გამშორდით, დაიკარგენით! იმათ ეწვიეთ, ქვეყანას ვინც სტანჯავს ავის ჩადენით. თქვენ ჩემთან ხელი არა გაქვთ, – შემოსილი ვარ ნათელით.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გულზე წყლულები გამრავლდა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში