სიმღერა
გულისთქმავ, საფლავს გაგითხრი
გულისთქმავ, საფლავს გაგითხრი
და იქ დაგმარხავ ცივადა,
ცხელსა დაგაფრქვევ ცრემლებსა,
მიწას მიგაყრი ხშირადა.
სამზეოს ყოფნა რად გინდა
უვარგის მამიშვილადა?!
ვაი, რომ ჩემი სიცოცხლეც
არ ეღირება ჩირადა!
დავემსგავსები ლოდს რასმე,
მიგდებულს წყალთა პირასა.
გაჰნასკვავს ცრემლის საბელი
ორშაბათიდამ კვირასა,
სიზმარში მომეჩვენები
და ჩამიშხამებ დილასა.
პური ხომ შლამად მექცევა,
წყალი ნასვამი – ძმარადა.
რისთვის-ღა მინდა სიცოცხლე,
ან ვეღირები რაღადა,
თუ შენც არ მყევხარ ცოცხალი
დასაცავ-დასაფარადა?!
ან მთას რა ვუთხრა მაღალსა,
მტკვარსა და არაგვს, ცხეთასა,
ან რა პირით-ღა ვეჩვენო
ძუძუს მწოვებელს დედასა?!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა