ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

გული დამიკლეს

გული დამიკლეს, მაგრამ არ მოკვდა, ისევა ცოცხლობს, ისევ ფართხალობს, ხან თუ იტირებს და ივაგლახებს, ხან უსაზღვროდა იცინის, ხარობს, ნამეტნავ მაშინ, როს მიწა ჰყვავის, როცა ჭალაში ბულბული გალობს. * დამიკლეს გული, დაკლეს და დაჭრეს, მაგრამ არ იშლის, ისევა შარობს: „მაჩვენეთ სატრფო, მოიყვათ ჩემთან!“ დაუჟინია, ჰფეთქს, აბეზარობს. სისხლში მოსვრილი კვლავ მასულდგმულებს, კვლავ იმუქრება, ბრძოლას არ ზარობს. გაიგო ბარმა და იგრძნო მთამა, მაგრამ არც ერთსა არ ვებრალები, არ ვუთვლი იმათ მე ამას ცოდვად, საკოცნელადა კვლავ ვეტანები. * დამიკლეს გული, დაკლეს და დაჭრეს, მაგრამ არ იშლის, ისევა შარობს: „მაჩვენეთ სატრფო, მოიყვათ ჩემთან!“ – დაუჟინია, ჰფეთქს, აბეზარობს.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა