ვაჟა-ფშაველა
პოეზია

გულდაკოდილი ნატო

ჩიტი რამ უცხო, ფერად ნაცარა, შემომჯდარიყო ნამყენს ბალზედა; ღვთის სადიდებლად, რომ გაზაფხულდა, ჰანგებს აწყობდა იგი ჰანგზედა. როდი იცოდა, პატარა ნატოს თვალი ჰრჩებოდა ამ დროს მასზედა. შეჰფოფინებდა და შეჰხაროდა, ევედრებოდა ხელების გაწვდით, რომ დასჯდომოდა ნატოს თათზედა და ავსილიყო იმისი მადლით. ჩიტს როდი ესმის; რომ არ უჯერებს, თვალები ცრემლით აევსო ბავშვსა. გალობს და გალობს აღუშფოთებლად, არა ჰღალატობს ის თავის ჰანგსა. ნატოსაც ჰხედავს, მაგრამ არ უფრთხის, იცის, ვერაფერს ვერ ავნებს მასა. სახლიდან ამ დროს დედაც გამოჩნდა, მიუახლოვდა პატარა ქალსა. „ციტი, ციტიო!“ – იძახის ნატო და თითით დედას უჩვენებს ჩიტზე, ის ჯერ ვერ უთქვამს, დამიჭირეო, თუმც ეს წადილი ეხატვის პირზე. – აბა სად არის, დედის სილაღევ? – დედამა ჰკითხა საყვარელ შვილსა. და ამ დროს ჩიტმაც, მის დანახვაზე, თავი ანება სიმღერას ტკბილსა. აფრინდა იმ წამს, შეინავარდა, შეშინებული მიფრინავს მაღლა… გულდაკოდილი, თვალცრემლიანი, პატარა ნატო დასტოვა დაბლა. [1900 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გულდაკოდილი ნატო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში