პოემა
1887გოგოთურ და აფშინა
(ძველი ამბავი)
I
ამბობენ, ბლოელ¹ აფშინა,
მინდოდაურის გვარისა,
სცარცვავს რჯულიან-ურჯულოს,
მარჯვედ მომხმარე ფარისა,
ჭერხო აავსო უნჯითა,
როგორც სალარო ხანისა.
თანაც იტყვიან: გოგოთურს
ჯანით ვერ შაედრებაო,
ნეკით გასტყვარცნის, აფშინა
ხე და ქვათ შაეცხებაო.
მეფესაც უთქვამ: „გოგოთურ
ათასს კაცთანო ვადარე,
ათასგანა მყავს ნაცადი,
ათასგან ომში ვატარე;
გოგოთურს რკინის გული აქვ,
მკლავი ხო გადამეტია,
რამდენჯერ მარტომ შაბერტყის
მტერი ქვიშაზედ მეტია.
ომში სიკვდილს ჰგავ გოგოთურ,
შეუბრალები, უკვდავი,
მტერსაც ზარსა სცემს უზომოს,
როგორაც სულთამხუთავი…
ისე აგორებს მტრის რაზმებს,
როგორც ნავს ტალღთა დენანი,
ალბათ სწყალობენ ვაჟკაცსა
ის ანგელოზნი ზენანი!“
რამდენჯერ სთხოვა ბატონმა
დარჩომა მეფის კარადა,
მაგრამ ვაჟკაცი ეტყოდა:
– მეფევ, ვერ გავძლებ ბარადა.
თუ მთის ნიავი არა მცემს,
გული ქალებურ ტირისა,
არ მინდა პური, არც წყალი,
აღარც გაღება პირისა!
მამეხიბლება გუნება,
ვერა ვარ გამძლე ჭირისა.
გოგოთურ ამაზედა სწუხს,
ხმა აღარ ისმის ომისა,
მიწურვილია, – თავდება
ჟამი ზაფხულის ორისა.
შინაც ხომ უქმად არ არი,
მუშაობს, მიწის მხვნელია;
ამბობს: „ომის დროს ვიომოთ,
არა-დ, – ვიქნიოთ ცელია,
ნადავლით, ნაყაჩაღარით
კაცის დარჩომა ძნელია!“
არავის ახსოვს, ფშავშია
ხმა-მაღლა ასძრახდომოდეს,
განაღამც საცარცვავადა
გზად ვისმე გადასდგომოდეს.
ვეება ჭანდარს აიღებს,
წიწკრად გაიდებს მხარზედა,
ყალიონს პირით არ უშვებს,
მიიტანს თავის კარზედა;
ირმებსაც დაედევნება
ყოფჩის გადაღმა კვალზედა.
შემოღამდება, შინ მოდის,
ჩამაუჯდება კერასა,
დაიწყებს შესაქცევრადა
დიდის ყალივნის წევასა,
ფანდურსაც შააჟღარუნებს,
თითს ააჩქამებს ბერასა.
ხანდახან დაიბუბუნებს,
ჭერი დაიწყებს ნძრევასა,
თან ფეხს დაუცემს ვაჟკაცი,
მიდამო იწყებს ნთქრევასა.
II
ძველადგანვეა ნათქომი,
რო დედაკაცი ყბედია,
მიჰყვება გულის ძრახვასა,
ვნებიანობით რეტია,
წაიტყვის უგვანს სიტყვასა
მოუფიქრელი, ცეტია.
ქმრისად სახელის მძებნელი,
სხვას არ დაგიდევს არასა;
მტყუანი იყოს მის ქმარი,
თუნდ ხალხს სცარცვივდეს შარასა,
ოღომც იქნევდეს ფრანგულსა,
არ ჰღალატობდეს ხარასა²,
ცოლსაც სწყალობდეს, აცმევდეს
წითლის დარაის კაბასა.
ცოლი აუტყდა გოგოთურს:
– რად გინდა დიდი სხეული,
თუკი ზღუბლს არ გასცილდები,
როგორც სახადით სნეული?!
რად გინდა თოფ-იარაღი,
ბასრი ფრანგული, წყეული,
ათასგან სისხლში ნათრევი,
კაცების ჟლეტას ჩვეული!
აბა, დაჰკვლიე, უტირნავ,
ცრემლი აქვ პირზე მცვრეული!
წადი, შენც ვინმე გაცარცვე,
არ გინდა სარჩო ნეტარა?
ქისტებს თავები გაჰბალთე,
ხევსურთ დაადევ ბეგარა.
ამბობენ, აფშინაის ცხენს
ტანი სრულ ვერცხლით ეფარა.
– ნეტავ რას ამბობ, დიაცო,
ჭკვას რად არ ატან სიტყვასა?
საქმე თუ გამოგლევია,
რატუ არ იტყვი იმასა?!
რად მინდა მაშინ სიცოცხლე,
ლუკმასა ვსჭამდე სხვისასა?
შენ ვინა გკითხავს, უჯიშოვ,
თოფისასა და ხმლისასა?..
შენ უნდა საჩეჩელს ეჯდე,
ან არა, – ჰქსოვდე წინდასა…
ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვ,
როცა ხმალს ჰხედავ მტრისასა!
ჯერ მეფის სიტყვა არა სჩანს:
„შემოგვესია მტერიო,
ფშავით მოიდეს ლაშქარი,
ჩემი ერთგული ერიო,
წინ გამაუძღვეს გოგოთურ,
ჯერ არ-ოთ არი ბერიო“.
მითც არ მოჰსვლია ჩემს ხმალსა
სისხლით შეღებვის ჯერიო.
ჩემი ფრანგული მტერსა ჰკლავს,
ძმაზედ არა აქვ ხელიო.
უწინ შინ როდის დამდგარვარ,
როსც დაგვცემია თათარი,
მტერს წინ მე მივგებებივარ,
როგორაც ჯერნებს აფთარი.
ომში რვა ხმალი გავცვითე,
მეცხრე თეთრ-ტარა ხანჯარი…
თუკი ავსული არა ხარ,
ეგ საყვედური რა არი?!
– მე იმას ვამბობ, ბეჩავო,
სახლისადა ხარ ურგები;
რა სარჩოდ გამოგადგება
თათრების დაჭრილ ზურგები?
ლაშქრობით რა მოგიტანავ,
ტანზე წყლულების მეტია?
მარტო სახელი რას გიზამს,
თუ სარჩოც არა ჰხვეტია?!
დაღონდა მეტად გოგოთურ,
ხმალს მიაწვადა ხელია;
ლაფნის³ საბმურით შაიბა,
მაგრა შაიკრა წელია;
მარცხნისას ფარი გადიგდო,
მარჯვნით – სიათა ჭრელიო, –
უზარმაზარი, ძელსა ჰგავ,
კაცის საზიდად ძნელიო.
დედაკაცს დაათათბირებს:
– უნდა მიმოვვლო ხმელიო,
რასაც შენა მთხოვ, იმისა,
წავალ, ვიქნები მქნელიო.
მოყვრებში გამაემართა
ამის დაცინვით მთქმელიო.
III
გაზაფხულ იყო მაშინა,
ახლად ყოოდენ იანი,
მწვანის ქათიბით კოხტაობს
მთების კალთები ტყიანი;
ბექ-ბუქში თოვლი დამდნარა,
მიწა გამხდარა წვნიანი,
მწვანეს ეწვდება ფოთოლსა
ხარი-ირემი რქიანი.
გალაღებულან ფრინველნი,
ისედაც ლაღი-ზნიანნი;
არაგვიც მოჰქუხს მრისხანედ,
ამ დროს შავფერად მდინარე,
იღვიძებს, იფშვნეტს თვალებსა
მის არე-მარე მძინარე,
კლდეებიც წყალსა ჰჟონავენ,
სრულად დამდნარა მყინვარე…
კოპალის ქვასთან გამოჩნდა
კაცი მთასავით მძვინვარე,
მაიზლაზნება ზოვივით,
პირქუში, არა-მცინარე.
ზენაით მეორე მოჩანს,
იმღერის, – მთანი ხვივიან,
მააქევქევებს ლურჯასა,
ნალნი რიყეზე წივიან;
მაეზაყება ცხენზედა
გამარჯვებასა ჩვეული,
უხდება წითელს ჩოხაზე
ფარი და დაშნა რწეული.
გოგოთურს ჰხედავს აფშინა,
გულშიაც ჩაეცინება,
ზედ მიჰვარდება ცხენ-და-ცხენ,
უდივრად შაიგინება,
აფშინას ბაწარაულის⁴
შუქი შორს გაიფინება:
– იარაღნ მამცენ, ფშაველო,
რად გი⁵, არ იცი ხმარება! –
პირდაპირია აფშინა,
1 / 3