ვაჟა-ფშაველა
პოეზია

გლეხის სიმღერა (1888 წ.)

აბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიუვალი გზებია. რამდენჯერ დავფიქრებულვარ, გულშიაც ცეცხლი მნთებია; სხვაზედ ვერაზედ დავმდგარვარ, მარტო ეს მიფიქრებია: ღმერთი რო კაცსა გააჩენს, თანვე დაუწერს ბედსაო, ზოგს მისცემს ბატონობასა, სხვას-კი დაუხრის ქედსაო. ვენაცვლე უფლის სახელსა, ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო: ღმერთმა დამბადა მუშადა, იმან მიკურთხა მარჯვენა, უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო და გამოვკვებო ქვეყანა. ალალის ოფლით ნაშოვნსა ლუკმას ვსჭამ გემრიელადა: ვიცი, რომ ჩემი შრომაა, ჯაფით მოსული ხელადა; დაღალულს ქვა რომ მაჭმიო, მომეჩვენება ქადადა. ბედნიერი ვარ, ოღომც-კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა. კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ, ვაჟკაცი ნამუსიანი; ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ, სახნავი სასუქიანი; ზღვადა დგა ჩემი ყანები, ყანები თათუხიანი; საქერეს ქერი მითესავ, ქერია ჩარათიანი, სავსე კოდები მიდგია ყველიან-კარაქიანი. ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა, მარჯვენა ბარაქიანი! უფალს აუნთებ სანთელსა, გლეხურად შევეხვეწები; იცის, გლეხი ვარ, შემინდობს, თუნდაც დავაკლო წესები. ვერთგულობ მამა-პაპასა, იმათში მიდგა ფესვები. სუყველა თავისი მაქვის, სხვებისას არას ვეხები.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გლეხის სიმღერა (1888 წ.) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში