ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ღარიბის სიმღერა

ტიალო, სიღარიბეო, გააბეჩავებ ყველასა! აღარსითა მაქვს სახსარი, აღარსით ველი შველსა! ბალღები დამიწიოკდა, კაბა გაუცვდა ლელასა, ვინ იტყვის წვნიან საჭმელსა, პურს ვეღარ ვშოვობ ხმელასა! შამამტრიან ბალღები, გამამიწვდიან ხელასა… პური მოგვშივდა, მამაო, – სიტყვას მეტყვიან ძნელასა. ამის გამგონეს ცეცხლი მწვავს, გული დმიწყებს ლევასა, გაუსენია ყველანი მჭვალს და ყივანა ხველასა. ვითომ-კი ვშრომობ მედგრადა, ყელ-თავქვე ვკიდავ მუდამა… არცა ვარ ცოდვის მოქმედი, თვით კარგად უწყის უფალმა. აბა, რა მივცე მახტაში, რა მაქვს, რა მატიალია?! ნეტავ იცოდეთ, როგორი გულში მიბრუნავს ალია! მიშველე, ჩვენო გამჩენო, მიშველე, მომეც ძალია! აკმარე ბეჩავს ჩემს თავსა ამდენი ცოდვა-ბრალია! ისე გაივლის სთვლის ღამე, არ მოვიხუჭო თვალია; ვფიქრობ: რით, როგორ ვიხადო მე მამობრივი ვალია?! მე ვერ ვიქურდებ, ვერ, ვერა, გული არ მაძლევს ნებასა, ვამბობ და ნუ გეგონებათ, თქვენგნით ველოდე ქებასა. წაიღონ, ერთი ეგ-ღა მაქვს, ერთი თანგირა ქობია. მოვკვდები ნამუსიანად, ესრე სიკვდილი სჯობია. დაე, შვილებიც გამიწყდენ, გასწყდენ, როგორაც ვშობია, მადლიც იმასა, ცოდვაცა, ვინც წინ გამივლო ღობია!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ღარიბის სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში