პოეზია
ღარიბის აღების ღამე
ვისაც რამა აქვს საჭმელი,
დაჯდეს და გაიხაროსა;
ხვალიდან მარხვა დადგება,
ის ხომ უფალმა დალოცა!
საბრალო გოგიას ქვრივი
აფხაკუნებდა თაროსა:
„ახლავ ერბო-კვერცხს მოგიწვავთ“,
პირს აკერია დაროსა.
ეგები დადგენ, ატყუებს
სოსოს, დათას და მაროსა.
ხელში შესცქერენ ბალღები,
საქმე რით მოაგვაროსა?!.
პურიც არ უძევთ ვარცლშია,
მარილი მოაყაროსა,
თორემ ერბო-კვერცხს ვინ მისცემს
იმ მშობელ-გასახაროსა!
ხან მელის ზღაპრებს მოუყვა,
ხან ჩიტუნიას ამბებსა;
მოსწადებია დედასა
ძილი მოჰგვაროს ბალღებსა.
არ იქნა, არ იძინებენ,
დედას აგლეჯენ კალთებსა.
ერთი შესტირის „პურიო“,
მეორე მოსთქვამს „ბაბასა“;
თათებით სწეწენ საბრალოს
ისეც დაგლეჯილ კაბასა.
დაღონებულმა მშობელმა
ისევ მიჰმართა ტაფასა,
გუშინწინანდელს ნადუღარს,
ტაფაზე მიმწვარს ფაფასა.
მოფხიკა პატარ-პატარა,
შეასუსნინა ყველასა,
ადგა და გარეთ გავარდა,
ცრემლი სულს ჰხუთავს, ენასა.
გადგა კარებში… საბრალოდ
აძრახდა, დაიქვითინა,
და ამ დროს მაღლის მთიდანა
ნიავმაც დაისისინა.
შედგა ბალღთ ჟრიამულზედა,
გულს ჩასწვდა მოთქმა დედისა.
თქვა: „მოდი, ერთი გავიგო,
ვინ არს მწყევარი ბედისა?“
გაიგო, ყურიც დაუგდო
მწუხარე დედის „ვაჰმესა“,
წავიდა, დაიღუღუნა
ბნელს და უკუნეთ ღამესა.
მიდის და თან მიიძახის,
როგორც საკვირველს რამესა.
წავიდა, გასცდა სოფელსა;
სასაფლაოსკენ გასწია,
შედგა გოგიას საფლავზე,
ხმას უფრო მაღლა ასწია.
გოგიას ვერ შეასმინა,
რაც იმას დააბარესა.
მიდის და „ვაჰმეს“ იძახის
მთით ბარად, ყოველ მხარესა.
მგელი მოღოღავს სოფლისკენ
და ეფარება ბექებსა;
მოდის თვალ-გაფაციცებით,
ფრთხილად ადგამდა ფეხებსა,
მარხვას იყენებს, ვითომა
ჰსურს რამ მოჰპაროს გლეხებსა.
შედგა და ყური დაუგდო
დედის მოთქმასა მწარესა.
„ოჰ, აქ შიმშილის სუნია,
მე აქ რა გამახარებსა…“
გაიქცა სასაფლაოზე,
ახალს სამარეს დაჰხედა:
„კაცო, ცოლ-შვილი გიტირის“,
საფლავს დაჰღმუის თავზედა,
მაგრამ პასუხი არ ესმა.
თავს იტკივებდა რაზედა?
იმ დროსვე მთის ნაკვეთიდან
ამოეშუქა მთვარესა,
მთის წვერებს გვირგვინს ადგამდა,
ლამაზს ახილებს თვალებსა.
შეესმა დედის ტირილი,
ყურს უგდებს შესაბრალებსა.
მიბრუნდა, გაჰქრა ციდანა,
ღვთის საბრძანებელს მიჰმართა.
პირმოქუშული გაჩერდა,
სხივნი მაღლისკენ ამართა,
დაუწყო უფალს ვედრება,
ბეჩავთათვის თხოვს შველასა:
სადაც ვის უჭირს, ვინც წვალობს,
მათ გაეხარათ ყველასა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა