პოეზია
გაზაფხულის სურათები
გაზაფხულია, დაწვიმა,
გული დაულბო მიწასა;
იმისი მოსვლა ძალიან
გაჰხარებია ბიძასა.
გუთანში აბამს ხარებსა,
ბლომად გაჭიმა ხნულები.
ურჩება ცივის ზამთრისგან
გულს დაჩნეული წყლულები.
სხვანიც რომ იმას ჰბაძავენ:
გადაუყრიათ ცულები.
ყველა ბარ-სახნისს შეჰყურებს,
ბელტოს აწვენენ ბელტზედა,
არ დაეკარგვისთ ამაგი,
იმედოვნებენ ღმერთზედა:
მოწყალე არი უფალი,
კაცს არ უკარგავს ამაგსა,
სულ ოქრო-ვერცხლით შეჰმოსავს
მათ ოფლით მორწყულს ალაგსა.
მიწაცა ჰყვავის, ტყეც ჰყვავის, –
გული მუშისაც ესია, –
ერთი ათასად იქცევა,
რაც იმას დაუთესია.
ბალღებს ქალმები ჩაეცმის,
დიასახლისებს – კაბები,
დუქანში არ იჩხარუნებს
იმათ თანგირა ქვაბები
გირაოდ, როგორც წინადა
არბენინებდნენ ჩაფრები.
ცაზე მოფრინვენ წერონი,
მოაქვთ საამო ამბები.
ახია შენზე, ზამთარო,
ჰხედავ, გებნევა დავთრები!
მთაც ამწვანებას აპირობს,
ჟანგს იყრეინებს ქედითა,
ნისლებს სჭრის, ელვასა ჰმუსრავს
გაუტეხელის მკერდითა.
თან ბარს მოკითხვას უგზავნის
ფიქრითა ერთად-ერთითა:
„იცოცხლე, დაო ლამაზო,
რომ მუდამ მყვანდე გვერდითა.
შენ აღსდეგ, შენი ძმაც დგება,
ნუ გეშინიან, მკვდრეთითა!“
მალედვე, ძალიან მალე
მთა აივსება ცხვრებითა.
მადლი აქვს, დიდი ბარაქა,
იმის ამაგით ვძღებითა!
ჩიტები რაღას სჩადიან?
რასა ფიქრობენ გზიანსა?
– დაფთხიალობენ, ცელქობენ,
ტკბილად უმღერენ იასა,
დასდევენ დასაჭერადა
მარდად ბუზსა და ჭიასა,
ბუდესა სდგამენ, კვერცხს სდებენ,
შვილებს დაჰზდიან ფრთიანსა,
სარჩოს, სიცოცხლეს ჰმატებენ
ამ ჩვენს ქვეყანას მთიანსა.
კორდზე კურდღელი კუნტრუშობს, –
უყურეთ იმის ცქრიალსა! –
თან იცქირება ტყისაკე,
ყურს უგდებს ფოთლის შრიალსა.
აშინებს, ნუ გააგონებ,
ღმერთო, მას თოფის გრიალსა.
სიკვდილი თან სდევს უწყალო
ტყვიას, თოფის ხმას ტიალსა.
ხევები რაღას ფიქრობენ?
სადა ჰქრის მათი გონება?
– ბუნებას თავის წესი აქვს,
ყველა მას დაემონება, –
აღელვებული მდინარე
გენახვის, გაგეგონება:
ჯურღმულში მოთამაშობენ
იმ ძველის-ძველის წესითა,
ზოგან მღერიან ლაღადა,
სხვაგან მიდიან კვნესითა.
ზოგან მუქარას უთვლიან
ქვა-კლდეებს ხმლების ლესითა.
როცა კი გაიმინდვრებენ,
ხეებსა ჰგლეჯენ ფესვითა.
„გზა, გზა მოგვეცით! – ჰყვირიან: –
ნუ გვიშლით ლაღად დენასა.
ბუნება ხარობს, შებორკილს
როს ამოვიდგამთ ენასა,
ბევრად გვირჩევნის სიკვდილი
მშობელის დედის წყენასა!“
გაიმინდვრებენ? მიდიან
ცხვრებივით დაქსაქსულები,
ჩუმად და უწყინარადა,
როგორაც მკვდართა სულები.
დღისით გუგულის ხმა ისმის,
ღამით ბუს გვზარავს კივილი,
ზამთარ და ზაფხულ ბეჩავის
ერთი და იგივ ჩივილი.
არ იქნა, როდი ურჩება
საცოდავს გულის ტკივილი.
არ იცვლის ელფერს მისი ხმა,
როგორაც მამლის ყივილი.
ღამით დარდები აწუხებს,
დღისით ჩიტების ჟივილი.
ეზოს ვერ ჰნახავ, არ გესმას
კრუხთან წიწილის წივილი.
გავხედე მინდორს თვალ-უწვდენს,
ჰყვაოდა ათას ფერადა,
მზე ადგა ორმოც-თვლიანი,
მას უფროც გაეფერადა.
თავს დაჰბრუნავდა არწივი,
მისი მხარ-ბეჭი ელავდა,
რას დაეძებდა, არ ვიცი,
და ან რა ფიქრებს ჰკვერავდა.
ამ სურათების მნახველი
გული კაცისა ჰღელავდა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა