პოეზია
გაზაფხული (1911)
ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა;
ლეღმა-ნაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხული ზლაზნვითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა განგების ძალსა
მთისა, ბარისა, ტყისადა:
„გამოიჩინეთ ყველამა,
უნარი გახლავთ რისაცა,
ბრძანება არი უფლისა,
აყვავდეს ქვა და ქვიშაცა!“
მიწის გულ-მკერდში ჩახუტულთ
თავი ამოყვეს იათა,
სამოთხის ფერი დაიდვეს
არე-მარეთა ტყიანთა;
დიდი გამართეს ზეიმი
მწერთა, ოთხ-ფეხთ და ფრთიანთა.
სიცოცხლე სცოცხლობს ყოველგან,
სიკვდილი არ სჩანს, მომკვდარა,
ჟუჟუნა წვიმამ დაუშო,
მთიდან ღვარები მომსქდარა,
გუნდი და გუნდი ყვავილთა
მიწის გულ-მკერდზე მომსხდარა;
ნაშენი ცხვრის და ძროხისა
ფარებად კარზე მომდგარა.
დიდება უფლის სახელსა,
რა კაი საქმე მომხდარა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა