სიმღერა
გაზაფხული (1888)
მიწა მაირთო მწვანითა,
გაღმა აჭრელდა ქედები;
სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი,
ჩამოდგა წვიმის სვეტები.
გათბი, გულ-ცივო ქვეყანავ,
მზის პირს მიუპყარ გვერდები;
მიწის დუშმანო ყინვაო,
არც ახლა აიხვეტები?!
სიმღერავ, ველად გამოდი,
გულში ნუ დაიკეტები!
წეროთაც გადაიარეს,
მერცხალიც მოფრენილაო;
ოფოფა სავარცხლიანი
იმათ მოუძღვა წინაო,
ამოჩენილან ყვავილნი,
წითელ-ყვითელან ქალანი,
უხდებათ დაკუპრვილებსა
მანდილ-გრეხილნი, კაბანი.
ია ბერქუში გვიცინის,
ჟუჟუნა წვიმით ნაბანი.
არაგვმა ლახტი აიღო
ამირანისა, რა ხანი;
მილეწ-მოლეწა კლდეები,
მტკვარს გაადინა ჯახანი.
კართანას¹ ფარი წაართვა,
ჟინვანს მოჰგლიჯა ჩაჩქანი;
დევები გაფთხნენ, გაიქცნენ,
გადმოუყარეს აბჯარი;
მოქიშპე არ გაუშვია,
რო არ დაეცეს ხანჯარი.
მუხრანის ველზე მიცურავს
თავ-აღებული კანჯარი.
დამთვრალა სატიალეი,
მთას თოვლი დაულევია;
ორწყალში ჩამასწევია,
თათრის ჯარ დაულევია.
ბასრის გორდაის ცემითა
კლდეები გაულევია;
მთით ბარად ჩამოვარდნილა,
გზა მტკვრისკე გაუკვლევია.
თავის ბუნების ყმა რო ხარ,
არაგვო, იდღეგრძელია!
შენის ვეფხურის ტევებით
გულს წყლული გამიმთელია.
გულით ხომ გხედავ, თუ თვალით,
ვაჟო, ვერ დაგინახეო:
გენაცვლე, მთანი და კლდენი
შაგნებით შამინახეო.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა