პოეზია
გაუბედავი სიყვარული
გულზედ ისარი დამასვა
ლერწამ-ტანამ, შავ-თვალამა,
გამაბრუა, მუხლი მომჭრა
კლაკნიამ, ხშირ-წამწამამა.
იმ დღეს შევხვდით ერთმანეთსა:
დამინახა, დავინახე;
დიდხანს მსურდა გულგამსჭვალულს,
რომ მესინჯა მისი სახე,
ნაცნობობით მისალმება,
ახლოს მისვლა გავიძრახე,
მეც დამრცხვენდა, ქალსაც შეჰრცხვა,
არ იქმნა, ვერ ავიძრახე.
ნეტავ, ღმერთო, მაცოდინა
რა ფიქრს ჰმალავს ვარდის კონა,
მერე თუნდა ჯოჯოხეთში
გადამაგდე შენი მონა.
ლამაზია, მშვენიერი
ის წყეული, – ქვეყნის წონა.
ტყულად ჰფიქრობ – დამივიწყო,
გული გულსა შაეწონა!
ახლოს მოხვედ გაბუტული,
დამაცქერდი… მითომ რაო?!.
დობილს ჰკითხე: „ის ვინაა,
უცხო კაცი, ნეტავ, ქაო?“
რად მამწარებ წუთისოფელს,
გულგრილობით რადა მკლაო?
გზაში შეგხვდი, არ მომხედე,
მანამ კარგად არ მოგშორდი…
ჩემს გულს ჰყევხარ ჩაქსოვილი,
ამ სამს წელში არ მოჰშორდი.
თუ ეგრეა და გენიშნა,
როცა მნახავ, მომცემ სალამს;
იმედი მაქვს, არ ჩაუვლევ
უქმად შრომას ამ ჩემს კალამს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა