მოთხრობა
გასამართლებული ჩიბუხი
I
გაითქვა. ღვაწლით შემოსილი, დიდებული, სახელოვანი იყო ეს ჩიბუხი. პატრონს, ღვთისუნელს, კიდეც იმიტომ უყვარდა და ეტრფოდა, პირიდან არ იშორებდა, მძინარეს გამოღვიძება უხაროდა, ადგომა ეხალისებოდა – ჩიბუხს მოვწევო. ისე საგანგებო ტკბილეულობა, სურნელოვანი თაფლიანი ყვავილი – სასუტელა – როგორ დაატკბობდა, ასიამოვნებდა მწყემს ბალღს, როგორც ღვთისუნელს ჩიბუხი ანეტარებდა… ჰსუტავდა ჩიბუხს და თან თვალებსა ჰკულავდა. ყრილობაში, სახლში, გარეთ საქმეში, ყველგან და ყოველთვის, საცა ჩიბუხი იყო, ღვთისუნელიც იქ იყო თავის ტყავის, კინკრიხოზე დაკრულის ქუდით და სადაც ღვთისუნელი – იქვე ჩიბუხი თავის ავლადიდებით.
„ბიჭო, გამახარე, არიქა, მამა-შვილობას, ცეცხლი მომიტანე!“ – შვილიც დაუზარებლად მოურბენინებდა მუგუზალს…
„დედაკაცო, ცეცხლი!“ რა ექნა ან დედაკაცს, მის ცოლს ხვარამზეს, ქმრის ბრძანება არ აესრულებინა? დიაღაც ასრულებდა, ხოლო, როცა ცეცხლს მოუტანდა, თან ამ სიტყვებსაც მიაყოლებდა, ზედ დაატანდა: „აჰა, ჩაიწვი და ჩაიბუგე უარესად, როგორც ჩამწვარი ხარ და ჩაბუგული!“
– ჰმ, ვერ უყურებ მაგ სულელს! – წაიბუტბუტებდა ღვთისუნელი თავისთვინ. ამის მეტს არც ავს ეტყოდა, არც კარგს. გააჩაღებდა ჩიბუხს… ადის ბოლი, იკლაკნება, იშლება, იფანტება, იძაბება. ნეტარობს ღვთისუნელი, ათასიც რომ ეთქვა ცოლს, ჩიბუხს ვერ უღალატებდა, თუმცა-კი, მართლაც, ჩამწვარ-ჩაბუგული იყო. ახალოხის წინა-კალთები, ჩოხა, შალვარი ცეცხლისაგან ჰქონდა დაცხაული ჩიბუხის წევის დროს. ბევრჯელ კინაღამ არ დაიწვა კაცი.
მაინც თავისას არ იშლიდა: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. ერთხელ მგზავრად მიმავალს ტანისამოსზე გაუჩნდა ცეცხლი და – თქვენს მტერს დაემართოს, რაც იმას დაემართებოდა. არაგვი რომ არ დასწრებიყო, მაშინათვე წყალს ეცა.
ხალხში ბევრი თქმულება იყო გავრცელებული ღვთისუნელსა და იმის ჩიბუხზე. სხვათა შორის იმასაც კი ამბობდენ: მკის დროს ღვთისუნელს ხელეურში ყალივნის ცეცხლი ჩაჰვარდნია და ხელეური დასწვიაო, – ღვთისუნელი დამწვარაო და სხვა, მაგრამ თქმა თქმად დარჩა, ამბავი – ამბად, ღვთისუნელი ჩიბუხს შეჰრჩა, ჩიბუხი – ღვთისუნელს. დღესაც ისევ ცოცხალია და ცხოვლად ასრულებს თავის მოვალეობას ჩიბუხის წინაშე.
მეტისმეტად ესიამოვნება მგზავრად წასულს, შეჰხვდეს ვინმე, რომ ჩვეულებრივი გამარჯვება-გაგიმარჯოს, სალამ-ქალამის შემდეგ მიაგებოს ასეთი სიტყვა: “მოდი, ჩამოვსხდეთ, თითო ყალიონი მოვწიოთ!”
– ტალკვესი ხო გაქვის? – ეკითხება მგზავრს შინაურულად, ძმურად.
რაკი ყალიონს გაჰმართავს, რამდენიც გნებავთ ელაპარაკე და ალაპარაკე, წასვლას ვეღარ გაიგებს. ხიდთან რომ მივიდეს. უეჭველად ხიდის ყურზე უნდა დაისვენოს, თუნდა დაღალული არ იყოს, და ჩიბუხი მოსწიოს. ეწევა ჩიბუხს და თან მდინარის ტალღებს ადევნებს თვალსა. რას ფიქრობს ამ დროს, ღმერთმა უწყის, მხოლოდ ეს ცხადია, ესიამოვნება.
მიდის დილით გარიჟრაჟზე ყანაში სამკალად. შესჩერებია თავთავებს, ჰხედავს ფხაზე ნამი პატარძლის ცრემლივით დაჰკიდებია, ესეც კაი საბუთია, შეისვენოს, ჩიბუხი გააკეთოს „მოდი, ბარემ ერთს ყალიონს გავაკეთებ, მანამდე ყანაც შეიბერტყება, შეშრება, მჭელეურს ნამი აღარ შეჰყვება და მეც კარგა, გულიანად შეუტევ“, – ფიქრობს ღვთისუნელი თავის გუნებაში.
თავზე კი ამ დროს ტოროლა დასტრიალებს, დაჰკივის, თუმცა ღვთისუნელი იმას ყურს არ უგდებს, არც ესმის გაბრუებულს მისი ჭიკჭიკი: “ადე, ღვთისუნელო, ადე, ძმაო, რა დროს ჩიბუხია, ნამი არ უშლის ყანას, გალესე ნამგალი და მოუსვი გულიანად; მომკილს ყანას არაფერი უშავს, აგერ ცხრათვალი მზე მოდის, დაჰხედავს, შეაშრობს; მერე უფრო დაცხება, მუშაობა გაგიძნელდება; ჩიბუხი არსად გაგექცევა, ყანა კი, შეიძლება, გაიქცეს: ხომ იცი, ცა თავზე დაჰყურებს!”
ერთხელ ღვთისუნელს დიდი უბედურება დაატყდა თავსა. თქვენთვის იქნება არაფერია, იმისთვის-კი – დიდი უბედურებაა მიჰხვდით? ვერა… ღვთისუნელმა ტყეში, ფიჩხის ჭრაში, ჩიბუხი დაჰკარგა, სადღაც ჩაჰვარდნოდა ის ვერანა. ეძება ღვთისუნელმა ბევრი, მაგრამ ვერას გახდა.
– ბიჭო, დავითო, გოგო, მარიამო, – უთხრა ღვთისუნელმა ვაჟს ცამეტი წლისას, ქალს ცხრისას, თავის შვილებს: – აბა, ერთი, მამაშვილობას მიიარ-მოიარეთ, იქნება მომიხელოთ ის ოხერი ყალიონი, გამიჭირდა, ვკვდები უყალივნობით. თქვენ უფრო თვალს აჭრევინებთ, გაჰყევით ამ ბილიკს, რაზედაც ე ფიჩხი გამოვატარე, იქნება მანდ სადმე ჩამივარდა. მაშ რა იქნა? ცამ ჩანთქა თუ დედამიწამ?
ბალღები მაშინვე ჩიბუხის ძებნას შეუდგნენ.
– რა საქმე გიჭირს ნეტავ, ბეჩავო, რაში გარგია, კაცმა იცოდეს, რაც საქმეს არ გაცდენს და არა გშრეტს, რო მისტირი იმ ოხერს ყალიონს? – უთხრა ბუზღუნით ცოლმა ხვარამზემ.
– შენ მაგისას არა გკითხავ, ე პური არ დასწვა, ნაცარი გადაუგრილე. შენც ახლა მე უნდა დამარიგო შენს ჭკვაში, დედაკაცობაში წილი უნდა ჩაიდვა და ის კი დაგვიწყებია: „ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო, ზოგს დედაკაცს – დედაკაცი, ზოგსა – დედაკაცუნაო?!“ – მიუგო ქმარმა და თანაც თავზე ჩაჩი გვერდზე მოიგდო.
1 / 5
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა