პოეზია
გაოხრებული ბაღი
ერთი უყურეთ ჩემს ტურფა ბაღსა,
ნაოხარს-ღა ჰგავს, უპატრონოსა!
წყაროც დამშრალა უკვდავებისა,
რო ჩუხჩუხებდა ბაღის ბოლოსა.
ჩამჭკნარ-ჩამდნარა მცენარეები;
ვარდნი, იანი, ხენი მყოვანნი.
გამხმარს ხეებზე, დამჭკნარს ბუჩქებზე
სხედან, ჩხავიან ყვავნი, ყორანნი.
აღარ სწვევია ჩემს ბაღს ბულბული,
თუმც გაზაფხულმა სუფრა გაშალა,
არ დასჭიკჭიკებს თავზე მერცხალი,
გადაკარგულა, ისიც გამწყრალა.
უფრთხიან ჩემს ბაღს სხვა ცხოველებიც,
როს საქეიფო არარა სდნება:
არც თვალს ახარებს და აღარც სმენას,
ბაღის ნაყოფით ვეღარვინ ძღება.
ერთი უყურეთ, ვარდის ფესვებში
მოურიდებლად გველები ძვრება!
ვაჰ, რა ძნელია, შვენიერება
ოდეს ჩვენ თვალწინ იღუპვის, კვდება!
მშველელის ხმალი, ამოწეული,
აღარ ამოდის, ქარქაშში რჩება.
გველებით წნული ღობე ავლია,
ბაღში გადასვლა მძაგს, მეძნელება.
ვინ იდვა თავსა, შეჩვენებულმა,
აღსავსემ გესლით, ბოროტებითა,
და ჯოჯოხეთად გარდაქმნა ბაღი,
ედემი, თავის მოქმედებითა?!
სიმახინჯეა ამისი მქნელი
და ვერაგობა გულის, ტვინისა
ბოროტებისგან შეზელილ არსთა,
ნაყოფი წყეულთ ბილწის ჟინისა.
შორით ვუცქერი და ცრემლსა ვაფრქვევ,
ვერ გავიყვანე მილი ცრემლისა
მის მოსარწყავად, განსაცხოვლებლად,
თუმცა მკლავს მუდამ ნდომა შველისა.
მიმქრალი თვალი ჩემზედა ჰრჩება,
ჩემგან მოელის იგი შველასა.
ვაჰ, რომ ვეღარ ვშველ! თქვენ ჭირსა გპარავთ,
გემუდარებით, ძმანო, ყველასა:
უშველეთ რამა, თქვენი ჭირიმეთ,
ჩემის გულის და გონის მწველასა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა