ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

გამამერია ჭაღარა

(სიმღერა) გამამერია ჭაღარა, სევდამაც გულში იმატა; ნუგეშმა ზურგი მაქცია და პირი მოიკვიმატა. სიყრმისა დღენი წავიდნენ – სხივები დილის მზისაო, თან-თან ბინდდება ნათელი ჩემის სიცოცხლის გზისაო. მე წავალ, აქვე დარჩება ქედი მაღლისა მთისაო; სხვა ყველა ცვალებადია, უცვალებია ისაო. ცოცხალთ თვალთ სალაღობელი როგორ ამაყად ზისაო! ვაჰ, რომ წესია: არ ესმის სხვასა ტკივილი სხვისაო! იქ მუდამ ქარი უბერავს და დაძრწის ჯოგი მგლისაო. გავიგე, მთაო, გავიგე გულის პასუხი შენია: „კაცი ის არის, ვისც ჭირში ერთხელ არ დაუქშენია; იმას სხვა გასთიბს, სხვა მოსძოვს, ჭმუნვა არ დაუჩენია; უფლისა მსგავსად იქცევა, მით უფალს გაუჩენია“. ამას დაძახის მუდამ ჟამს ეგ შენი სახე მჭმუნვარე; მეც შენსა შემაცქერალსა თვალთაგან მომდის მდუღარე; ცა მახურია თავზედა, მეხის მსროლელი, მჭეხარე. მომლოდინე ვარ ბედისა, გულ-დაკოდილი, მწუხარე
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    გამამერია ჭაღარა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში