ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ფშაველ ლოთის სიმღერა

ლოთს მეძახიან ჯალაფნი, ლოთსვე მეძახის ქვეყანა, ვარ და ვერ დავიარავებ, ლოთად მიცნობენ ყველგანა. ვინ დაიჯერებს, თოვლზე ვსთქვა: შავია, თეთრი არაო, ვინც წენგოსა სჭამს, იმაზე – ატკბობს, არ დაამწარაო?! რა ვქნა, უსმელად ვერ გავძლებ, თუნდა ჩამქოლოთ ქვითაო, დარდი მაქვ მძიმე, ძმობილო, გულს დაბჯენილი რქითაო, სხვით არაითა მშორდება, თუ არ სასმელის სმითაო: რორცა ან არაყათ შავსომ, ან გამოვთვრები ღვინითა, თავი ყეენი მგონია, წვერ-შაღებილი ინითა; ბოღმა მე ვეღარ მერევა, დარდებს მე ვათრევ კბილითა: დავღეჭ და კუჭს მივაბარებ ჩემის ცოდვილის პირითა, ეგება იქ დაისვენოს, თავი გაირთოს ძილითა და ადრე არ მომესიოს, რო გავიღვიძებ დილითა. რორცა რას შავსომ, მაშინა კაცი ვარ დავლათიანი, – უმისოდ ბეჩავს თვალები მიხდება ამლათიანი! – ყელში საუბარს დავიწყებ, ჭკვიანურ მამდის სიტყვაცა. მიყვარს დუქანში მოსულის ამბის და ყოფნის კითხვაცა, ან ჩარექაით, ან სტაქნით ღვინო-არაყის მიწვდაცა. სუყველა მიყვარს დუქანში: სასწორ-არშინი, ჩოთქიცა, ჩარექა, ტიკი, ტიკჭორა, პირ-მოღიმარი ბოთლიცა. მაგრამ რომ გამამფხიზლდება, ჩოთქიც დაიწყებს წკრიალსა, ვუჯავრობ ჩემსა მუცელსა, ამ გაუმაძღარს, ტიალსა… ეს არის ჩემი ეშმაკი, ჯიბეს ეს აძლევს ზიანსა!.. მივალ შინ დაღონებული, მოვიბეჩავებ თავასა… მამესევიან ჯალაფნი და ამიტეხენ დავასა. ცოლიც ჩემს მუცელსა ჰლანძღავს, დედა, მამა და ძმებიცა; ჩემს სალანძღავად იდგამენ ენას უენო ქვებიცა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა