პოეზია
ეულის სიმღერა
რისათვის მინდა სიცოცხლე,
თუკი ვიქნები ავადა, –
წყლული მექნება გულზედა
გრძნობა-გონების მწვავადა;
დღეები დღეებს არ ჰგავდეს,
მზე დამყურებდეს შავადა;
არცავინ მყვანდეს ერთგული,
მოვიდეს სანახავადა;
მოვკვდე და არვინ მიტიროს,
ცრემლი აფრქვიოს ღვარადა;
არვინ ჩაიცვას შავები
და არ მიგლოვოს გლოვითა;
არავინა სთქვას შანდობა,
გულ-ამოსკვნილმა ოხვრითა;
არცვინ მიყიდოს სუდარი,
მმარხავდეს ძველის ჩოხითა,
მღვდელ-დიაკვანი გალობას
ხმით დამძახოდენ ბოხითა.
უმსგავსს არც სიცოცხლე მინდა
და არც სიკვდილი სწორედა!..
ქვადვე მერჩივნა გაჩენა, –
გამოვდგებოდი ყორედა;
ან მინდვრად ხედა ვმდგარიყავ,
მოსაგრილებლად მგზავრისა,
როს სიცხე-პაპანებაა
და მწუხარება ჰავისა…
ზამთრობით – დასასვენებლად
თუნდ სვავ-ძერათა, ყვავისა.
ურგები შვილი დედასა
ნეტავი რადა ჰყავისა!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა