ვაჟა-ფშაველა
პოემა
1890

ეთერი

I რა უდაბური ჭალაა, როგორ დიდრონი მთებია, მაგრამ სოფელი არსად სჩანს, არსად სავალი გზებია! ჭალაში ერთი ქოხი სდგას, შამბმოხვეული გარზედა; გვერდს უდგა დიდი ჭანდარი, ქოხს დასცქერია თავზედა. ქოხს გარეშემო ტყედ იდგა დიყი და შუპყა მწვანია; კაცის ხმით არა ხმიანობს: ჭალა, ველები, მთანია. მთათა და ნადირთ ჟრიამულს ეს მხარე შაუჭამია. სთვლობით გულ-გაცოფებულმა ირემმა დაიღრიალის; ან მოსქდის ზოვი მთიდამა, დაიძრის, დაიხრიალის: ახავლდის შველი დამთხვარი, კოდალამ დაიკრიალის; ჭალას აძრახდის ხოხობი, ზარივით დაიზრიალის; ზღაპარს უამბობს ნიავი, ფოთლებმა დაიშრიალის. ამ არე-მარეს სთელავდენ მარტო ნადირნი ტყისაო და მწყემსი ქალი, ობოლი, – ყვავილი ედემისაო… ეტყობა მიწას ლამაზი ნავალი ეთერისაო. ქოხს ოთხსავ მხარეს არტყია დიდი ბარდები ბურჯადა, ზედ ყვავილები ჰყვავიან წითლად, ყვითლად და ლურჯადა. ღამ-ღამ აქ მოდის ბულბული, მოსთქვამს დაკარგვას დისასა; თან ატანს გულის ვარამსა ნიავს, მონაბერს მთისასა. რა გულდადებით ყურს უგდებს ეთერი იმის სტვენასა, მიმჯდარი ქოხის კარებთან, როგორ იფხიზლებს სმენასა! „გენაცვლე, ჩიტო, – დუდუნებს, – ლამაზად ჰხმარობ ენასა… ნეტავ რას ამბობ, ვიცოდე, ნეტავი გამაგებინა; შენსავით გული უფალსა ჩემთვინაც ჩაადებინა! ან მკვდარსა შენი ტკბილი ხმა გულზე ქვად დაადებინა. ნეტავ ბულბულად მაქცია, შენთან ვიფრინო ველადა… ტიტველი აღარ ვივლიდი, დაღონებული ყველადა, და მოვრჩებოდი ამ ბებერს, ჩემთვის გაჩენილს გველადა!“ დილაა ისევ, სისხამი, ნამი ხშირად ძევს ნამზედა… ნახშირის ფერი ბებერი ბობოქრობს ქოხის კარზედა… II დედინაცვალი (ეთერს) რა ხანი არის, გათენდა, ადე, გარეკე საქონი. რას გეცრემლება თვალები, რა გაგხდომია საგონი? რას ეშმაკს დაუჭერიხარ, გამაგებინა ნეტარა?.. გასწყდა ცხვარ-ძროხა სიმშილსა, შე მეხ-დაკრულო, მედგარა! ხო მხედავ, მუხლი არ მომდევს, თვალთ ვაჭრევინებ ვეღარა… რა გაქვის საფიქრებელი, ნეტავ ვიცოდე, მაგდენი? თან-თან ეშმაკად მაიქეც, გაგიწყრეს ჩემი გამჩენი! ეთერი ვაჰმე, რა ძნელი ყოფნაა ყოფნა, სიცოცხლე ობლისა! სრულ წყევა-კრულვა ჩემს თავსა, არსად ალერსი მშობლისა! ნეტავ, ან სახე მახსოვდეს, ან ხმა მახსოვდეს დედისა! ნეტავ, ტირილით შამეძლოს შეცვლა ამ შავის ბედისა! – დღე-და-ღამ ფეხზე ყუდილი, გადაყრა წვიმა-შხეპისა, სიმშილი, ლალვა ნადირთა თმენა ლანძღვის და ტყეპისა! რა ლანძღვა მინდა, რა კრულვა დალახვრულს შავის დღისაგან, წილ-ბედ დალეულს სოფელში, თავდანებებულს ღვთისაგან!.. წამოდგა ქალი ეთერი, მთვარე ამოჰყვა პირზედა; თავით ბალიშად ქვა ედვა, ლეიბად – შამბი ძირზედა. თვალებში ჩაჰქსოვებოდა ზღვა-ხმელი ერთიანადა, მთელი ქვეყანა შიგ ბრწყინავს თავის ხატ-ღმერთიანადა. გვირგვინად ტრფობა დასდგმოდა, სხივს გვფენს წამწმების ხიდითა, ცასა და მიწას მადლს ჰფენდა უხვებით კიდის-კიდითა; ყელი მიუგავს ჯერანსა, გამომალებულს მინდვრითა. ტანთ შავი ჯუბა აცვია, შავი მანდილი თავზედა, ვერ ჰნახავ ერთ მძივს, ან ღილსა ეთერის ლერწამ ტანზედა; მხოლოდ ყაპყატოს კალათა გადაუგდია მკლავზედა. ცხვარ-ძროხას კარი გაუღო, გაჰყვა ნაბიჯით ნელითა. ეხლა-ღა ვნახე, გიშრის თმა მიჰქონდა ეთერს წელითა: სარტყლად წელს ნაწნავნი ერტყნენ ორ-პირად, როგორც წნელია… გაუშვას თავისუფლადა, თან სატარებლად ძნელია; ტყეში ან ჯაგი გაებას, ან მოეჩვენოს გველადა! ცოდვაა თმების დაწყევლა პატრონისავე ხელადა! მიტომ ირჩია გოგომა თმა წელზე ჰრტყმოდა წნელადა… თავდახრით მიჰქსოვს წინდასა, თან დაჰღიღინებს ნელადა. რა კარგი სანახავია ქალი, გასული ველადა! III გარეკა ცხვარი და ძროხა ვერხვიანს გორის ძირასა, დიდის მთის კალთა რო მოსდგამს და სხვანიც წვანან მზირასა. იდგა ჭანდრების ჩრდილშია დიდის მდინარის პირასა; ძაღლების ყეფა მოესმა, ჰყეფდიან ხშირა-ხშირასა. ისმის კივილი… კაცები აყვირებდიან სტვირებსა… ნახა, – მორბოდა ირემი, ეფარებოდა თხილებსა. ცხენ-და-ცხენ მოსდევს ჭაბუკი, ისრებს მოესვრის მწკრივასა; ხარი ირემი წაიქცა, შედგა თავსა და ყირასა. ეთერი სულგანაბული ეფარებოდა წბილასა. თვალი შეასწრო უცნობმა, შედგა, უცქერდა შტერადა; ხელი მიეპყრო შუბლზედა, თავი გადეგდო ცერადა; ირემი დაჰვიწყებოდა, ხედ ქცეულიყო ხმელადა. ბალახით გამოსხლეტილი ცეცხლი თუ მოჰხვდა მწველადა! ქალი იწვება სირცხვლით, ვერ იხედავდა, ვერადა; ყმამ გადაყარა ისრები, მშვილდიც, ნაჭერი ხელადა. კრძალვით გადმოხტა ცხენიდამ, მიდის მთრთოლარის სახითა, შაქრიანს ეტყვის სიტყვასა შუბლშეკვრით, სახით მკვახითა. დნებოდა ქალი, ვით გნოლი, ქორ-შავარდენის ნახვითა. ეალერსება გოგოსა კაზმული ძვირის კაბითა; ეალერსება გოდერძი ეთერსა ტკბილის ენითა; ესაუბრება წყნარადა სიტყვებით გულსაკბენითა. გოდერძი ნუ მიწყენ, ქალო, ვისი ხარ? ტყე-ველთ რას დაიარები? დედა არა გყავს, ან მამა? ტანზე რადა გცვავ ჩვარები? ეთერი ამ დროს მუნჯობდა, ეჩვენებოდა ყრუადა. გოდერძიმ არ დაიჯერა, ხმალი უქნია ყუადა: „ნამდვილ მეჩვენე, რაცა ხარ, თორო გაგჭერი შუადა!“ ეთერი რა გითხრა უცხომ უცხოსა, ეგ სადიური ძალია? რა შნოებაა ვაჟკაცის, ქალზე იხმაროს ხმალია! რა დავაშავე ისეთი, რა მაქვს ისეთი ბრალია? გოდერძი მითხარი მაინც, გეთაყვა,
1 / 8
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/