ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ

ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ, საცოდნელია სწორედა, ხომ ეშმაკია ბოროტი, ფულიც დაუდგი ყორედა, – ქრთამს არ აიღებს არასდროს, თავის გზას მისდევს სწორედა. ჯოჯოხეთისა მიდამო იმას ეკუთვნის სრულადა. წმინდანთა მისი საქმენი გვამცნეს და იცნეს კრულადა. მაგრამ მე ისე არა ვსცან, რაც მათ სდებიათ გულადა. ეშმაკი ეშმაკი არის, ბოროტი სული, წყეული, ცოდვების ჩასადენადა კაცთათვის გამოსეული. მაგრამ ბოროტი ცოდვასა არ დაგისახავს მადლადა, თუნდ ურმით ოქრო მიართო თავის ცოდვების სახსრადა. მაინც ჯოჯოხეთს უჩვენებს, ამას ამბობენ, სწორია. ცხვარს არას ერჩის, მას უყვარს კაცი, რომელიც ღორია. აბა, რისათვის ვაძაგო!. ამისთვის გასაჭორია? ავსულთა ჯავრი ჩემს გულზე მარტო მას მოუფონია. არც უნამუსო ყოფილა, არცა ჰკლებია გონია, მაინც ჩვენ ეშმაკს ვუწოდებთ, ქვეყნისო დამაღონია. [1895 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა