პოემა
ერთის სიყვარულის ამბავი
Ι
გოდება სიკოსი მტკვრის პირად, ოდეს იგი
პირველად დასტოვა სატრფომან.
მო, მეგობარნო, შემოკრბით,
მოდით, მოჯარდით ახლოსა,
თუ ვით ვარ გულდაკოდილი,
მინდა ყველამა მნახოსა.
მინდა რომ ჩემმა ერთგულმა
დღეს ჩემთან ივაგლახოსა.
გთხოვთ იგონებდეთ ყველანი
იმ ჩემ საყვარელ ნატოსა.
მო, მეგობარნო, ჩემთანა,
თქვენც ცხარე ცრემლი დაღვარეთ,
გული სევდითა და სახე
ცრემლის ნაკადით დაღარეთ.
ღვინოზე ხელი აიღეთ,
ჩემსაებ თავი დახარეთ.
გულ-მოკლულს თქვენს მეგობარსა
შეუმსუბუქეთ დარდები.
მუხთალმა ბედმა ხელიდან
გამტაცა ია-ვარდები.
სატრფომ დამტოვა მარტოკა,
ობოლი დავიარები.
მოწამლული მაქვს გუნება,
შემძულებია ქალები,
რა მექცა ჯოჯოხეთადა
ნატოს ჟუჟუნა თვალები.
სტიროდეთ ჩემთვის, ჰოი, ძმებო,
შევქმნილვარ შესაბრალები.
დღეს სწორედ წელი შესრულდა,
რაც ნატო სადღაც გამიქრა, –
სანთელი ჩემის ცხოვრების
მოულოდნელად ჩამიქრა.
ვით ტარიელი წყლის პირად
ვზივარ და ვგლოვობ სატრფოსა,
ესაა, არავინ მოდის,
რომ აქ მხედავენ მარტოსა,
გლოვის მიზეზი გაიგოს,
ჩემთან მოვიდეს, მცადოსა.
იმით არ ვგევარ ტარიელს,
არ მცვია ტყავი ვეფხისა,
თუმცა ტაიჭი მეცა მყავ,
მართლა ღირსია ქებისა:
მსგავსი იმისი თავლაში
ბევრი არ დაებმებისა.
მაგრამ ფუჭია ყველა ეს,
დღე დამიბნელდა მზიანი:
რა ვეღარა ვსჭვრეტ სატრფოსა,
გულს მისცემია ზიანი.
ლამის გულს დანა დავიცე,
შეყრა გამიხდა გვიანი.
ნეტავ ან რომელმა ქაჯმა
მომტაცა ხუჭუჭ თმიანი?!
თუ თავის ნებით გაფრინდა,
როგორაც ჩიტი ფრთიანი,
ეს ამიცანა ამიცნოს,
კაცი ვერ ვპოვე ჭკვიანი.
ეს ვიცი კარგად, გაქცევის
არ მიმიცია საბაბი, –
უვლიდი ვითა თვალის ჩინს,
მსუქანი ჰქონდა ღაბაბი,
საჭმელად – ხოხობი ჰსურდა,
ან თუ ფლავი და ქაბაბი.
იცვამდა რაც კი მოსწონდა
ჩემი ლამაზი ჯალაბი.
ამის უცნობი არ იყო
ბაზაზი, აღარც ალაფი.
სადც ჰსურდა იქ წავიდოდა,
არავინ ჰყვანდა დამშლელი,
თვით განაგებდა ოჯახსა,
არ ჰყვანდა ხელის შამშლელი.
ისე ექცევა ბიჭებსა,
როგორაც დედა აღმზრდელი.
და უცებ გაჰქრა უკვალოდ,
თვალთა დამიხშო ნათელი.
თქვენ რას მიშველით საბრალოს,
ძალიან ბევრიც ვიტირო,
მაგრამ მე მინდა გულითა,
რომ ეს ამბავი ვიყვირო,
ჩვენს ქორწინების წამშია
და არაფერი ვიძვირო.
გიამბოთ დაწვრილებითა,
სად მოხდა ჩვენი კავშირი,
ვინ იყო ნატო, რა იყო,
გაგაგებინოთ ნამდვილი.
მაისის ვარდი ფურჩვნილი
და ლერწამ ტანად გაზდილი.
ΙΙ
გამგზავრება სიკოსი ტფილისიდან
საცოლეს საძებრად.
მე ვიქნებოდი ოცი წლის,
ახლად წვერ-შემომდინარი,
ლამაზი თვალად, ტანადა
და ამასთანვე მდიდარი.
ბევრი ჰყავს ძმა-მეგობარი
ამ ღირსებისა ვინც არი.
მეც მიტომ მყვანდა ბლომადა
ბიჭები გარდნაკიდარი, –
მომღერალ-მოქეიფენი,
მსმელობის გამომჩინარი.
ზურნა-დუდუკის ჭუჭყუნით
თავის ქალა მაქვს ახდილი,
მომწყინდა ასე ცხოვრება
ჯანის მომშლელი, გახრწნილი.
ვიფიქრე: ცოლი შევირთო,
ქალი სოფელში გაზდილი, –
სადა, კრავივით უმანკო,
მეუღლე იყოს ნამდვილი.
არ მინდა ქალაქის ქალი,
ფერ-უმარილით შასვრილი,
თუმც მაჭანკლებით დღე-მუდამ
ჩემი სახლია ავსილი.
თქმა და ქმნა ერთ წამში მოხდა.
მყის ავისრულე სურვილი.
ხომ იცით, წყალი ეწამლვის
კაცს, თუ აუტყდა წყურვილი.
ბიჭს ვუთხარ, მეორე დღისთვის
რომ მოემზადა ცხენები.
მე სანოვაგე ვიყიდე –
მგზავრობის დამამშვენები:
დოში, მოთალი, სათალი,
საუკეთესო ყველები,
ერთი ტიკჭორა კახური,
ყელისა ჩასასველები.
ზედაც მწვანილი, ტარხუნა,
სიამით ასახსენები.
გავწყვიტე თოკი, რომლითაც
შეკრული მქონდა ხელები:
აწ ვიწყებ ახალ ცხოვრებას,
ცოლისთვის განახელები;
უნდა წავიდე, შემოვვლო
სამშობლოს მთა და ველები.
ხუთშაბათს დილით შევსხედით
ცხენებზე მე და ზურაბა.
ჩაი არ დამილევია,
არც მიჭამია მურაბა.
გაეგო ჩემს მეგობრებსა
დღე ჩემის გამგზავრებისა,
ზურნით მომადგნენ კარზედა,
სურვილი თანახლებისა
გამომიცხადა ყველამა –
წევრმა ყმაწვილთა კრებისა.
მე მადლი გადაუხადე:
„საქმეს არ მოუხდებისა!“
არ დაიშალეს, ქალაქსა
გამომაცილეს ზურნითა.
მერე წავედით ჩვენ ორნი
ცხენებით, არა ურმითა.
ძმა-ბიჭნი უკან დაბრუნდენ
ვაებითა და ურვითა.
„სიკოჯან, რისთვის გვტოვებო?!“
მეუბნებოდენ მდურვითა.
ავთანდილს ვგვანდი მაშინა,
მივდივარ ცხენის ცურვითა.
დროც შემხვდა სწორედ საფერი,
პირველ მაისის რიცხვები,
ტყე ჰყვავის ათასფერადა,
ამწვანებულა მინდვრები,
და ჩემი ცოლის შერთვისა
უფრო განმტკიცდა ფიქრები.
მთა-ბარი ჰყვავის, – ვამბობდი, –
რა ამბავშია ბუნება?! –
ჟივილ-ხივილი ფრინველთა
სიყვარულს ჩამეუბნება:
ყველას ტოლი ჰყავ და სწორი,
ერთურთის შემაქცევრადა.
მარტოკა, ოხერ-ტიალად
ვეხეტებოდე მე რადა?
ყვავილი ყვავილთან ჰყვავის,
ტოლთან სიცოცხლე სწყურია.
ფრინველთ, მცენარეთ ცხოვრება
გამიხდა შესაშურია.
ბუნების სიმშვენიერემ
ამაგზნო, ამიყოლია:
მეცა ვთქვი – კაცი არ ვარგა,
თუ ტოლი არა ჰყოლია.
მივდივარ, ვამბობ: უთუოდ
უნდა შავირთო ცოლია.
თუ ვინმე შემხვდა ლამაზი
და მომივიდა თვალშია,
მზითევს არ დავსდევ, ეს ფიქრი
მიტრიალებდა თავშია.
საცა კი სოფელში მივედ,
ყველგან დამიხვდენ ძმურადა,
ჰხოცავდენ ვარიკეებსა,
ღვინოს მასმევდენ უხვადა.
თან იმასაცა მკითხავდენ,
1 / 6