ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ერთი და მეორე

ეს ვისი მესმის ტირილი, თავზარ-დამცემი ქვითინი? ვისა სჭირს ჭირი უწამლო, ვის გული დნება, ვის ტვინი? – დედაა, მკვდარს შვილს დასტირის, მისი მოთქმაა მქუხარი მხოლოდ, და გული მგზნებარე ვით ანთებული ბუხარი. იქავე, მოზარის ახლოს, მეორის ისმის ღიღინი: ახალისებდა მშობელსა ბავშვის შვება და ტიტინი. ორივეს ყოფნას ვხედავდი, ერთსაც ვერარა ვუთხარი. დავჯე, დავიწყე ტირილი, ცრემლი მდიოდა მდუღარი. * ვიხილე უდაბურს ადგილს ამოსულიყო ვარდები, გვერდის-გვერდ იდგნენ და-ძმურად, არა ჰფარავდათ ბარდები. მატირა იმათ ნახვამა, კვლავ ამიშალა დარდები: ერთი ჰყვაოდა უხვადა, ვარდი დაჰსხმოდა კოკორი, შემაქცევრადა ბულბული შემოსჩვევიყო ოროლი. უმღერდენ დაუღალავად. მეორე, როგორც ობოლი, იდგა, თავ-დაკიდებული, გაჰყვითლებიყო ფოთოლი. * გუშინა ვნახე: კლდიდანა ანკარა წყარო დიოდა, აყვავებულსა მდელოზე მარგალიტებად ცვიოდა. დავლიე მოწყურებულმა, შუბლს ოფლი გადამდიოდა. დღეს ვნახე მილი წყაროსი, ნახშირის სუნი სდიოდა, ნახშირის ორმოდ ქცეულა და ცეცხლში შეშა შხიოდა, სიცხისგან შეწუხებული შეშაში ჭია წიოდა. თავს ადგა კაცი რეგვენი, ბრიყვს გული როდი სტკიოდა! * მთა იდგა უზარმაზარი, თხემით ცის გულ-მკერდს სწვდებოდა. ბევრს ჰსურდა მწვერვალზე ასვლა, – ფიქრი ფიქრადვე ჰრჩებოდა. ამაო იყო წადილი, ვერავინ რასა ხდებოდა. მთისა მწვერვალის შეხება არწივსაც უძნელდებოდა. ვნახე ერთს დღესა, მთა იგი წაქცეულიყო, კვდებოდა, სათელლად იყო ქვეყნისა, ზედ კაჭკაჭები სხდებოდა. უცვლელს ბუნების კანონსა ფიქრი ეხლა-ღა ჰხვდებოდა. აღარ ვდარდობდი ძალიან, თვალებზე ცრემლი მშრებოდა. ავდევ-ჩავდევდი სოფელსა, ვბაძავდი, რასაც შვრებოდა; ბევრჯელ თუმც ვსდუმდი, მაგრამა ბევრჯელ კი გული სწყრებოდა; სამუდმოდ, საბოლოვოდა ამ წესს ვერ შეჰრიგებოდა. გონება შეწუხებული მხოლოდ ამაზე დგებოდა: ერთის საათის სიტურფე ათას წლისასთან დგებოდა, რადგან დრო გაცუდებისა ამასაც დაუდგებოდა, ადრე თუ გვიან, ერთია, ჭირი ხომ არ ასცდებოდა! გული კი მაინც იძახის: „რადა? რად არის ესია?“ ხანდახან ბოღმა მომივლის და სნეულივით ვკვნესია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა