პოეზია
ექსპროპრიატორის სიმღერა
როცა მომშივდა, გავმხეცდი,
„ჩქარა გამაძღეთ!“ ვყვიროდი.
უსახსრო, ღარიბ-ღატაკი
მთხოვრობას არა ვკისრობდი.
პურისთვის არა ვზოგავდი
გულზე ნადებსა შანასა,
აღარც ცეცხლს ვერიდებოდი,
არც ამოღებულ დანასა.
როცა გავძეღი, გაძღომა
ჩემი უფალმა ინება,
ბრალიანსა და უბრალოს
ყველას დავუწყე გინება.
რადა ვლანძღავდი? – ჩემს გულსა
და ენას ასე ეწადა.
არც სვინიდისი მარცხვნიდა
ოდნავა, ერთი ბეწვადა:
ხალხი მეც ასე მლანძღავდა,
როს არაფერი მებადა.
ახლა გავმდიდრდი, დამძრახეთ,
თუ ქონა დასაძრახია.
შემოტრიალდა ჩემს იღბლად
ამ წუთისოფლის ჩარხია,
და თითქოს თაფლი მაცხია,
სულ უკან დამდევს ხალხია.
დიდკაცურს სალამს მაძლევენ
ყველა – დიდი და ბალღია.
რას იძევთ? რასა კითხულობთ,
ვითომ საყდარი გავტეხე?
ვიქურდე, ვინმე გავძარცვე,
შარა-გზად ჩხუბი ავტეხე,
ან თავის სასარგებლოდა
წყალზედა ხიდი ჩავტეხე?
რად გინდათ ამის გაგება?
ეს გეყოთ საცოდნელადა:
მშიერ-ტიტველი გავმდიდრდი
მოულოდნელად, ხელადა.
და ეხლა უფრო ბევრს ვყვირი,
ხელში მიპყრია ხელადა.
ზოგს ვლანძღავ, სხვას ვცემ თავშია,
ძველ ნაცნობთ ვუცქერ ცერადა,
ვიძახი „მრავალ-ჟამიერს“
მტრის გულის დასაწველადა.
თუ ვინმე მშიერი დადის,
მე რა ვუშველო ჩემადა?
ეცადოს, ისიც გამდიდრდეს,
თუ არა, შადგეს ბერადა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა