ვაჟა-ფშაველა
პოემა
1902

ძაღლიკა ხიმიკაური

(ვუძღვნი ილია ჭავჭავაძეს) I ხიმიკაურის ჭერხოსა ცეცხლი ედება ჯავრისა: ნეტავი არ გააგონა აბჯრის ჟღრიალი ჯარისა, – ხმა მოტანილი ლაშქრობის გადამავალის ქარისა. ლაჭანს წევს ვინმე ხევსური ხიმიკაურის გვარისა. წინ უდგა ტაბლა ხონჩითა პიტალო ნაღველ-ძმარისა. არ უნდა ნახოს მზის სხივი, აღარც სინათლე მთვარისა. ჩამოიყარნენ ღრუბელნი, მიწას დაეცნენ შავადა, სნეულებს ჰგვანან ისინიც, თითქოს დახდილან ავადა. ოხვრენ და შფოთვენ გულშია უჩუმრად, თავის-თავადა. ჯავრი შიგითა, გარეთ კი არ დაჩენილა მწვავადა. აღარც ნამი სდით, არც ჭექა, აღარსად ელვა იმათი, რამ დაადუმათ, არ ვიცი, რამ გაუტეხათ ყისმათი?! II ხევსურთ ვაჟები აჩქროლდენ, დგას ლიქოკს ძახილ-ძუხილი. რა ამბავია, ნეტარა, რაზე შაექნათ წუხილი?! რა ხმამ ასტეხა, ნეტავი, ასეთი ჭექა-ქუხილი?! გულში აქვს ყველას ჩამდგარი სალუდე ქვაბის დუღილი. ბარით მოჰსვლიათ ბარათი, ერეკლეს მონაწერია: „ჩამოდით, ხევსურთ ვაჟებო, ხმლის ქნევა თქვენი ჯერია. ქალაქის მიდამოები ურჯულოს დაუჭერია“. ეს იყო მარტო მიზეზი, ამ სიტყვის მოსვლით ღელავდენ. ზოგნი ჰლესავდენ ფრანგულებს, სხვანი შუბებსა სწვერავდენ. მხცოვანნი ხავსიანები ჯაჭვის პერანგებს ჰკერავდენ, თან კაზმულს ვეფხვის ულვაშით ნაკეჭნს ლოყებსა ჰბერავდენ. დიაცთ წინ ედგათ ტაგნები, ბაკებში ფურებს სწველავდენ… III განა სულ მუდამ თოვლია, პირ-მოღუშული ზამთარი, თქვენც გენახვებათ, ბუნება ყოოდეს მკვდრეთით ამდგარი, ისევა ჰფქვავდეს წისქვილი წყალმოკლებული, დამდგარი, გათქვირებული ტაიჭი, – ერთს დროს ძველ-ტყავად გამხდარი, და კაცი, დაბლა მცოცველი, გუშინ გერგეტზე შამდგარი, და ბევრჯელ კაი სიზმარი მეტად უმსგავსოდ ამხდარი, თვალები თეთრის ქალისა, სანთლად კაცთ გულში ჩამდგარი, უსხივო-უსინათლონი, როგორიც ცვილი დამდნარი, და ვეფხვი შეუპოვარი, თავის მძლავრს ტოტზე მამკვდარი. მოჰშორდა ჯანღი ქვეყანას, მზის სხივს მიერგო ნავარდი, რა აეხადა გულიდან ზედ დახურვილი ნაბადი. მთას ჰბოჭავს მაგრა ბჯღალითა ბარით ნასროლი ქამანდი. ვერცხლის სალტებით მორთული ხირიმ-მაჟრები ელავდა, ერთ-ურთს ხმალ-ხანჯრებს უსინჯვენ, მხედართა გული ღელავდა. მოგროვილიყო ლაშქარი, ლიქოკის ჭალას სთელავდა. ულაყებს თავი აეღოთ, ირგვლივ ავლებდენ თვალებსა; აწუხებსთ, ვეღარ ითმენენ მუხლში მოგროვილს ძალებსა, ჩაჰზომვენ მკვიდრის ტოტებით კლდიანს არაგვის ჭალებსა, დახარჯვა თავის ძალ-ღონის იმათაც გაახარებსა. ცხენიც მოიკლებს, მხედარი რა მანძილს გაატარებსა. წესია: გამოჰფხიზლდებათ მეორეს დილას მთვრალებსა! უყურეთ მანდილ-აკეცილთ ბანებზე ხევსურთ ქალებსა, ჩამოსცქერიან ლაშქარსა, რო მიწას ციდან ვარსკვლავნი. ჩამოდის ისრის წვიმადა სხივნი, თვალთ გამონაგზავნი, ხევსურთა ლაშქრის თავზედა, ლოცვა-კურთხევად მისადა. „ღმერთო, შენ გაუმარჯვეო!“ ხმა საზარალო მტრისადა. „მომგვარე ნასახელარი!“ ვინა ლოცულობს ვისადა?! IV – სადა ხარ, სადა, ძაღლიკავ, გამოიხედე გარეთა?! ხალხმა დილასავ-დილიან თავ ერთად მოვიყარეთა. ქუდზედა კაცი მივდივართ, შინ რასა ჰგმინავ მწარედა? – უძახდა ხალხი ძაღლიკას, მიმდგარი ჭერხოს კარზედა. – მე ვერ წამოვალ, – ხმა ესმისთ, – ასე უთხარით ბატონსა, ძაღლიკას გული მკვდარია, ჩავარდნილია საგონსა; ჯანითაც დაუძლურდაო, ვერა სცილდება საწოლსა. სხვას ვის რას არგებს, თავისას ვეღარ ჰპატრონობს სადგომსა. – აქ არ გაგწირავთ, ძმობამა, ტყუილად ჰხმარობ ხრიკებსა, შენ რო შენთვის ჰბჭობ, ზოგიცა ჰკითხე იმ ხევსურთ ბიჭებსა, ათასნი სხვანი დასთელვენ აქ ჩვენსა დანაბიჯებსა. ტყუილად ხანს გვალეინებ, შენც ტყუილადა სცდებია. განა არ ვიცით, რაცა გწყინს, რადაც უკანა სდგებია? რა შენი საკადრისია, რო ბალღურადა სწყრებია?! – რას ასტეხილხართ, კაცებო, აღარ მწადიან ომია, რაც უნდ ჯარიმა წამართვათ, არა ვარ წინამდგომია. ქალის მანდილი დამხურეთ, თუნდა ჩამაგდეთ წყალშია, აღარ მწადიან, გაიგეთ, აღარ, გარევა ჯარშია. მე ხომ ხმალს ვეღარ მოვიქნევ, ქარად მადგება მკლავშია. – რას სჩმახავ? – უთხრეს ხევსურთა: – შენ უნდა გვედგე თავშია. უშენოდ მისვლა ბატონთან რას ეგვანება ან კია? თავს იქნევს მაინც ძაღლიკა, უარს აცხადებს მტკიცედა, არ ესმის თხოვნა ხევსურთი, სდგას მოუდრეკელ ციხედა. წავიდენ შეურაცხყოფით, მწყრალად შესჩივლეს ლაშქარსა: „ვერ შევასმინეთ ვერაი, განზე გაუდგა ამქარსა. ვიცით, რაადაც უარობს: ძაღლიკა გლოვობს აბჯარსა“. მეორე წყება წამოვა, წინ გამოუძღვათ ბერდია. გამოვლეს ლიქოკის წყალი, ამოვლეს ცოტა ფერდია. უმშვენებს წელსა დაშნაი, ფარს დაუფარავ გვერდია, თვალს გტაცებს ყაწიმებისა სიტურფე მეტის-მეტია, დახავსულ-დაჟანგებული იმის მორგვივით ქედია, სხვებს რაკი აკლავ შვენება?! წეღანაც დავიყბედია. – არას ჰგავ, ბიბოს სულის მზემ, შენი უარზე დადგომა, ერთის ხმალაის გულისად ჩვენი და ქვეყნის წახდომა. აჰა, ჩემ ხმალი შაიბი, შენის ფრანგულის ჯიშისა. ამისას რითა სჯობია ფხა და სიმკვიდრე იმისა. ნუ მოგვტეხ მხარსა – თუკი გწამ მადლი დღევანდელ დილისა. – ეს იყო ბერდიას თხოვნა, ბაბურაულის შვილისა: – – მითამ სრულ არა გქონია, ან გაგტეხია ომშია. თავისივ ფიქრი იწამლე, კაცო, ჩავარდი გონშია. – დიდი ხანია ძაღლიკას გონი აქვ სრული, საღია:
1 / 3
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/