ვაჟა-ფშაველა
პოეზია

დედის ტირილი

ბევრს ვერას გეტყვით, შვილებო, მხოლოდ გაიგეთ: ვტირი მე, ნუ მწირავთ უპატრონოდა, მიშველეთ, თქვენი ჭირიმე! ფეხ-შიშველს ძუძუს ნუ მომჭრით, – ღმერთს ნუ ჰგმობთ, თქვენი ჭირიმე! თავზე ნუ მახევთ ლეჩაქსა, დაფიქრდით, მნახეთ! ვტირი მე. თქვენს ზრდაში ბევრჯელ მშიოდა და არ ვიცოდი ძილი მე. მშიერმა, პურის მაგივრად, პანტისა ვლოღნე ჩირი მე. ვფიქრობდი, დაიზრდებოდით, მეფონებოდა ჭირი მე. დაიზარდენით და მწიხლავთ. რად? რისთვის? თქვენი ჭირიმე! თქვენს ყოლას ხალხი მაყვედრის აქეთ-იქიდან. ვტირი მე. ვეღარსად დამიჩენია სირცხვილიანი პირი მე. რისთვის მიყიდით ტანთსაცმელს? რად მცარცვავთ, თქვენი ჭირიმე? მინამ მე თქვენზე წყევლა ვსთქვა, უწინ გამიხმეს პირი მე! რაღა ვსთქვა წყალ-წაღებულმა. ტან-ფეხ-შიშველი ვტირი მე! ლომის მსგავსები დაგზარდეთ ერთი, მეორე, მესამე… თქვენს ძალას დედაზე იჩენთ. სად თქმულა, თქვენი კვნესამე? სცდილობთ ცოცხალი დამმარხოთ, გულზე მაყაროთ მიწა მე. ძუძუს ნუ მომჭრით, შვილებო, თქვენი დედა ვარ, მიწამე! თქვენს იქით ვისღა ვედედო, ძუძუ ვაწოვო ვისა მე? მეტს ვეღარ გეტყვით, შვილებო, მხოლოდ გაიგეთ: ვტირი მე. ნუ მწირავთ უპატრონოდა, მიშველეთ, თქვენი ჭირიმე!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    დედის ტირილი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში