ვაჟა-ფშაველა
პოემა
1910

დედა-შვილები

(თქმულება) შვილები დედავ, გვიამბე, რა ჰქნა წერომა? დედა რა უნდა ექნა, მოჰკლა ბერომა. შვილები გვითხარი, მერე სხვა რაღა მოხდა? დედა ტყვია რომ მოჰხვდა და წერო მოკვდა, დაავლო ხელი, გასწია შინა… გამოეგებნენ ბალღები წინა, შეექმნათ დიდი ყვირილი, ლხენა, ჰსურდათ ყველასთვის წერო ეჩვენათ: „რა მოგვიტანა ჰა, მამამ ჩვენა! უყურეთ ერთი ამის ფეხებსა, დავარცხნილს ქოჩორს და დიდრონს მხრებსა! ჰნახეთ, გასინჯეთ მისი ნისკარტი, შიგ დაჰრჩენია მინდვრის წიწმატი, რომ უძოვნია, ჩვენთვის საკენკი არ უთხოვნია. საწყალო წერო, ვეღარ იმღერო!..“ შვილები მერე რა მოხდა? ისიც გვითხარი. დედა ტკბილი სასმელი გახდა ძირ-მწარი… შვილები რადა, რისთვისა? შური იძია ვინმემ მისთვისა? დედა სწორედ იძია, თუმცა ბეროსა ეს არ ეგონა. ოღონდ როგორმე წერო ეშოვნა; მოკვლა წეროსი ღვთისთვის ეთხოვნა. ბოლოს ამბობდა: „მე რა მეგონა, წერო, ყურითაც არ გამეგონა, თუ ასე ძვირად დამიჯდებოდა. ნანატრი ავად ამიხდებოდა“. შვილები განა რა მოჰხდა? განა რა წაჰხდა? დედა იმასაც გეტყვით… რა ცეცხლი გერტყმისთ უთმენლობისა? ვინც უთმენია, ვერ უთენია იმას ღამენი. მრავალ არიან ამის მოწმენი. ჰბდღვნიან წეროსა და ერთს ღეროსა მის ბუმბულისას, ვით სუმბულისას, ცოლი, ქალები და თვით ბალღები, არ გადაჰყრიან, კალთაში ჰყრიან. უცდის ბეროცა, ხორცი არ უნდა; სხვა რამისათვის ის უფრო სწუხდა. მას უნდა მხოლოდ წეროსა კუჭი, მარგალიტისა იქ ერთი ბღუჯი¹ ბალღებს ალაღებს მარტო ჯიჯია, თავზე დაჰხარის გოგო, ბიჭია, გაბტყვნილსა წეროს, – გადასცეს ბეროს. გამოწლა მანა, გაუსო დანა და ამოიღო ის, რაც უნდოდა. პირჯვარს იწერავს. მერე კუჭს ჰსერავს. ღმერთო, რას ჰხედავს?! მარგალიტია შიგ კაკლის ტოლა, სულ დაავიწყდა ცოლ-შვილის ყოლა, ბალღივითა ჰხტის სახე-წითელი, იზრდება ტანით, როგორც წიფელი „რა ამბავია, ღმერთო, შენს მადლსა! სჩანს, არ გასწირავ შენ საწყალ კაცსა!“ ამას ამბობდა, იმას არ სცნობდა, რომ სტყუვდებოდა დიდად საწყალი. როდი იცოდა, – ბოლოს იტყოდა, ღმერთს რა ფიქრი აქვს, რა სამართალი! შვილები რაში მოსტყუვდა, რომ გაუხარდა? დედა მიტომ, შვილებო, რომ გაუმწარდა პოვნა თვალისა, ძვირფას ლალისა. იმავე ღამეს, წერო რომ მოჰკლა, და რა დღესაცა იგი გამოსწლა, გამოეთხარა სწორედ ის თვალი, რითაც გაჰხედა თოფსა მიზანში, – წეროს მოარტყა ტყვია ჩიჩახვში. თამარ-ნეფეცა ნახა სიზმარში სწორედ იმ ღამეს… წყლულის ტკივილი ძლივს დაუამეს. ბრალად ჰყვიროდა… „ვაჰ, თვალი, თვალი!“ უწუხდა გული, დაასხეს წყალი… ცოლი მკითხავთან დილით გარბოდა. როცა დაბრუნდა, ამას ამბობდა: „მკითხავმა რა სთქვა, გაიგეთ, იცით?“ – ნათქვამს ამოწმებს ხატ-ღმერთის ფიცით: – ვუამბე მასა, როგორაც დასა, თვალზე ყოველი, სიზმრის ნახვაცა, ამბავი მთელი, და იმან ეს სთქვა, არ რაიმე სხვა, სანთლებს გაჰხედა, ალში ჩაჰხედა და იქა ნახა თავად თამარი, რომელმაც უთხრა სიტყვა ამ გვარი: – „ის მარგალიტი ჩემია, ჩემი. როცა შავ ზღვაში ჩავუშვი გემი, ხონთქართან მქონდა ფიცხელი ომი, მაშინ დავკარგე, გვირგვინს ამიწყდა, აქ მომიტანონ, მე თავად მინდა. სად ვიპოვნიდი ჩავარდნილს ზღვაში და ეხლა ღმერთი მიბრუნებს ახში, რაკი ჩაუგდო, წეროსა ყბაში და მის წყალობით გამოჩნდა ხალხში! ხომ იცით ჩემი სადგური ფშავში, და სალოცავი არაგვის თავში, იქ მოიტანეთ და გადმოაგდეთ. იმ ქვა-ღორღებში ეტოლოს იგი, სად ნანგრევების რიგს მისდევს რიგი – სადაც ჰქრის ლაღი ნიავი მთისა, ძმასა არ სდევნის ღალატი ძმისა; გუნდი და გუნდი მთიელის ერის, ჩემს სადიდებლად ლექსებსა მღერის, ჩემ თვალით ნახვას უთმენლად ელის. სადაც, ვისც რა აქვს მოაქვს და მწირავს, სულიც ჰხდებოდეს, მე არ გამწირავს!“ აი რა უთხრა მკითხავმა ცოლსა, და ცოლმა კიდევ ქმარსა ნაწოლსა. არ აასრულა ვიდრე ბრძანება, არა შორდება ბეროს წვალება, სიზმარში მუდამ შუბებსა სჩხვლეტენ, თავსა და პირში, კისერში სცემენ. შვილები მაშ, წეროს მოკვლა ცოდვა ყოფილა, როგორც გვიამბე, დედავ, შენ დღესა? დედა თქვენ იცით, ნათქვამს როგორც გაიგებთ, მხოლოდ გახსოვდეთ ნათქვამი ესა, ჩემო შვილებო, ჩემო ტკბილებო, აგშორდეთ ტანჯა, აგშორდეთ კვნესა! [1910 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/