პოეზია
დედა და შვილი
შ ვ ი ლ ი
დედავ, მითხარი, გენაცვა,
მე როგორ გამაჩინეო?
დ ე დ ა
გაიგებ, რომ გაიზდები,
დაწექი, დაიძინეო.
შ ვ ი ლ ი
შენი ჭირიმე, დედილო,
მინდა ვიცოდე მართალი, –
თავს წამოადგა დედასა
ვით თავ-მომწონი სარდალი.
დ ე დ ა
გიამბობ, თავს შემოგევლე,
მიკვირს, რომ არა გცოდნია,
შენ ჩვენს ბაღჩაში მოგთხარე,
აგერ, იქით რომ ღობია.
იქ საკიტრესა ვჩიჩქნიდი,
ვაფხვიერებდი მიწასა,
პირველად ვერა ვნახე-რა,
ეხლაცა ვკვირობ იმასა!..
ჯერ ხომ ბორხვენა ამოჩნდა,
მერე ლუსუმა, ღოლოცა,
მესმის კრუსუნი თხრილშია,
თმა დავინახე ბოლოსა.
ეს იყო, შენ გენაცვალე,
შენი ქოჩორი ოქროსა!..
გეწიე თმაზე, გეწიე,
ამოგაჩინე მთლიანად;
ძლივსა ჰსუნთქავდი, ჰკრუნავდი
გულისა დამაზიანად.
შეგხვიე კაბის კალთაში,
გამოვექანე შინაო.
მამამ რო გნახა, იამა,
ძალიან მოილხინაო.
გაგბანე, ცეცხლზე გაგათბე,
აკვანიც მქონდა თანაო;
მყის ჩაგაწვინე აკვანში,
გიმღერე ნანი-ნანაო.
შ ვ ი ლ ი
მაშ, ჩვენებიანთ ვასო-ღა
საით, ვინ გააჩინაო?
დ ე დ ა
წისქვილს ეპოვნა დედასა,
ალატში, ფქვილის კრეფაში,
ფქვილს თურმე სწმენდდა და ამ დროს
ხელი მოევლო კეფაში.
შ ვ ი ლ ი
ოჰ, მაშ ვანო-ღა, დედილო,
ის სადღა არის ნაპოვნი?
დ ე დ ა
ვანო ხნულშია, პაპა-შენს
ეხნა მინდორი, ველები,
გადაბრუნებულს კვალშია
ამოსჩენოდა ხელები.
შენი ძალუა თინაცა
მეხრედ ჰყოლოდა პაპასა,
რა დაენახა ყმაწვილი,
ხელი ეტაცა იმ წამსა.
შ ვ ი ლ ი
თუ ნაპოვნები არიან,
ორივ რად მიყვარს დიდადა? –
კვლავ ჰკითხა ბავშვმა დედასა
ნაღვლიანადა, მშვიდადა. –
არა, ჩვენები არიან,
მე თვითონ ვიცი წმინდადა.
რისთვის მატყუებ, დედაო? –
სთქვა, გადაეჭდო ყელზედა,
შეჰფოფინებდა თვალებში,
ხელებს უსვამდა თმებზედა
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა