პოეზია
დათვის ტირილი
დათვმა სთქვა: „ის დრო მერჩივნა,
როცა ჯანსაღად ვიყავი;
დროების სატარებლადა
არ მჭირდებოდა მკითხავი.
მე მეკუთვნოდა მთა-ბარი,
მოურიდებლად ვიდოდი.
მჭლეებში მსუქანს ვარჩევდი,
არჩევაც კარგად ვიცოდი.
მდევარსა ვცემდი თავში ტორს,
პირდაპირ გადავიდოდი.
მისრულდებოდა სურვილი,
მინამ ერთს სიტყვას ვიტყოდი.
გამიეშმაკდა ქვეყანა,
თავზე მესხმიან ძაღლები;
რიდი და შიში აღარ აქვსთ,
თოფით დამდევენ ბალღები,
იქამდის გამითამამდენ,
დამკოდეს, წყლულნი მტკივიან:
„უარეს საქმეს დაგმართებთ
ხვალ, ხვალ-ზევითო“, – ჰკივიან.
ხვალისა უფალმა იცის.
ეს არის ცუდი ნიშანი:
მიცქერენ კურდღლის კვალადა,
როგორც ქვეყანა ვიცანი.
ჩემს ნათესავებს უთხარით,
მოვიდენ, მნახონ თვალითა;
უნდა ანდერძად დავუგდო,
რომ იმოქმედონ ძალითა.
ძალას დაეყრდნონ, რომ აღსდგეს
შეგინებული სახელი,
თორემ სამუდმოდ გაქრება
დათვთა და მგელთა სანთელი.
ძალა და შიში ყოველგან! –
ეს არის ჩემი სათქმელი.
ძალა და შიში! გაიგეთ,
საცა მიხვალთ და მისწვდებით.
ზოგი დაარჩვეთ და ზოგსა
სცემეთ კეტით და წიხლებით.
გაისარჯენით, არ შესდრკეთ,
ადინეთ სისხლის რუები,
იხმარეთ საშუალება
გონების გასაბრუები,
რომ მტერი გვემალებოდეს,
როგორაც დღისით ბუები“.
[1906 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა