სიმღერა
დათვი
დათვი დაეჭრათ ბიჭებსა,
ხე-ქვას ჰკაწრავდა, ბღაოდა.
ის დრო წაჰსვლია დათუნას,
როს ყველას თავზე ზვაობდა.
ჰფიქრობდა: ჩემი მომრევი
უნდა გამოჩნდეს კაციო?
მაშ ვეღარ უნდა ვიტაცო
ცხვარი, ძროხა და ვაციო?
აღარ შევიჭრა სიმინდში,
არ ვანადგურო იგიო,
არ ვიბატონო მთა-ბარად,
სკაში არ ჩავყო დინგიო?!
„არაო!“ – ეუბნებოდენ
ტალიკ-ტალიკი ბიჭები.
გაგისხლტა, მიწა აღარ გაქვს
შენ ტოტის დასაბიჯები.
თავ-ყურში სცემდენ კეტებსა,
ჯოხი თოფივით ტყვრებოდა.
ჯიუტის ტვინის პატრონსა
რო ჰკლავდენ, როდი სჯეროდა.
ერის ხელ-შეუქცევლობამ
იმდნად დაუხშო გონება:
გასატყავებლად განმზადულს
ეზმანვის ჭირთა ფონება.
ჰგონია წინანდებულად
მას შაეძლება ნავარდი,
უდავო სარდოდ ექნება
მას ქვეყნის სარჩო-საბადი.
თითონ ხომ ამას ფიქრობდა,
სულ სხვას ფიქრობდენ ყორნები,
ყვავები, ორბნი, ძერანი,
მხარ-მოფაშფაშე სოვები.
ელიან ლეშსა საჭმელად,
ტყავი დაჰრჩებათ მკვლელებსა,
იმათ, ვინც საკეთილოდა
აამოძრავებს ხელებსა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა