პოემა
დაწყვეტილი ჩონგურის სიმები
(საშობაო სიმღერა)
Ι
მეჩონგურისა საბას სახელი
გათქმული იყო კიდით-კიდესა,
ცაში აჰყავდა თვისი მსმენლები,
როს აჟღერებდა იგი სიმებსა.
უენ-პირონი ჩონგურის სიმნი
ჟრჟოლას მოჰგვრიდნენ ტანში მსმენელთა –
როს გამოსთქვამდენ საგმირო ამბებს
თავ-დადებისა გამომსახველთა.
იმათ ჟღერაში ცხოვლად მოსჩანდა
თამარის ტახტი, დავითის ხმალი,
მუზარად მგელ-ლომ გამოსახული,
შეუდრეკელი ვახტანგის ძალი.
ბულბულის კვნესა ვარდზე ღამითა,
აყვავებული მდელო, მთა-ბარი.
მაგრამ დაბერდა სიმთ მაჟღერალი,
უკანკალებდა მუხლები, ხელი,
იგივ სიმები, იგივ დამკვრელი,
ფანდურს აღარ აქვს ის ძალა ძველი.
ΙΙ
თუმცა-ღა სიტკბო არ დაჰკარგვიათ…
და არც ეშვება ჩონგურს დამკვრელი,
მოულის ჟინი მოხუცებულსა,
მოსწყურა სიმებს შეახოს ხელი.
თავს მაღლა იღებს, იწმენდავს ხმასა,
ურჩება მოხუცს მტკივანი წელი
და როდი დასდევს ღამეა თუ დღე,
დარბაზს ამშვენებს ხმა გულის მწველი,
ლაჭანშია წევს უფრო მეტ ხანსა
და უყუდია თავით ფანდური…
რა წამს სიმები აჩქამდებიან,
შვილი-შვილების გაიგებს ყური,
იქ მიცვივიან პატარეები,
„დაუკარ, პაპავ!“ – ეხვეწებიან,
უკრავს მოხუცი და ყმაწვილები
ხელ გაშლილები დავლურს უვლიან.
უცქერს რა ბავშვებს, სიამოვნების
ნაპერწკალები თვალთ უელავენ
და რომ იქ სხვებიც სიამოვნობენ,
ბავშვები ამას როდი ჰხედავენ.
ΙΙΙ
დარბაზის ყორეს ბევრი სტოლია
თხილი-პარია, ტუჩებ-ცმაცუნა,
სხვა და სხვა ჯურის – დიდი, პატარა,
კატის ნაღველი – ლეგა თაგუნა.
სიამოვნება, ჩონგურის ჟღერით
საბასი, ბედმა თაგვთაც არგუნა.
რასა ჰნახავდა მოხუცებული?
იგი უკრავდა მხოლოდ ფანდურსა;
დაკარგულს გლოვობს სიყმაწვილესა,
ისალბუნებდა ამითი წყლულსა,
ამ დროს თაგვები ბნელ ყურეებში
როკვენ, უვლიან კოხტად დავლურსა,
ზოგი კინტოურს, ფშაურს, ხევსურულს,
ყარაბაღულსა თუ მოხეურსა;
ყირამალასაც კი გადადიან,
ხან დააბამენ უცბად ფერხულსა.
ქეიფისა და სიამისათვის
მადლობას სძღვნიან მოხუცებულსა
და ხშირად როცა საბასა სძინავ,
თვით შეახებენ თათებს ჩონგურსა.
სდუმან სიმები, თაგვნი ჯავრობენ, –
არ გამოსცემენ საამო ხმებსა.
თავად ცდილობენ რომ ააჟღერონ,
ერთი კბილს სჭიდებს, მეორე ფეხსა;
ოღონდაც ლარმა ხმა გამოიღოს,
ერთად ხმარობენ ყოველგვარ ხერხსა.
თუ დაწკრიალდა ერთი მაინცა,
სიამოვნებას ჰგრძნობს მეტის-მეტსა
თაგვების რაზმი, ჩამწკრივებული,
ყურ აცქვეტილი, კალხზე შემდგარი.
რა შედეგი აქვს იმათ ცელქობას
თაგვებისთვის არს გაუგებარი.
IV
შობის ღამესა ჭონები იყვნენ
და „ოცდა ხუთსა ამ თვეს“ უმღერეს
საბას ოჯახსა „შობა ქრისტესა“,
მოხუცსა გული მით აუძგერეს,
აიღო მანაც ხელში ჩონგური,
შუაღამემდე იგი უკრავდა,
სიმების ჟღერით გაიქარვებდა,
მოხუცს რაც ბოღმა გულსა უკლავდა, –
და მთელ თაგვთა ბრბოს, იმ მიდამოს მყოფს,
სურვილს ლხინისას ის აღუძრავდა,
გამოყვეს თავი სოროებიდან,
თვალებს ჰკულავდენ ტკბილ ხმებით მთვრალნი,
მოულოდნელად იმ დროს ელოდნენ
ხელში ჩაეგდოთ ფანდურის ძალნი…
V
გათენდა დილა, შობა დღე არი,
ეკლესიისა უკრავდა ზარი…
და მორთულები საბას ლაჭანსა
გარს შემოერტყა ბალღების ჯარი,
შეჰღაღადებენ: „ადექი, პაპავ,
შენი ფანდური, გთხოვ, დაუკარი.
ცეკვა გვწადიან, შენი ჭირიმე“.
ჩონგურს ეძებენ: „ნეტავ, სად არი?“
წამოჯდა საბა ლოგინში ხვნეშით.
– ეხლავ, შვილებო, – ამბობდა პაპა. –
დამეზარდენით, ოღონდ იხაროთ,
არ დავიზარებ გავწიო ჯაფა.
მომიტათ, აბა, სად არს ჩონგური,
თუ კიდევ შევძელ, შვილებო, დაკვრა!!.
შვილი-შვილებმა ხელ-ჩაკიდებით
მიურბენინეს ფანდური ჩქარა,
გაჰკრა მოხუცმა ჩვეულებრივად
სიმებს კანკალით მჭკნარი თითები…
და ვერ უყურებთ მუნჯობს ფანდური,
დაწყვეტილი აქვს ჩონგურს სიმები.
დაღონდა საბა, ეწყინა ფრიად,
ატირდენ მისი შვილი-შვილები,
ვინ მოუწამლათ სიამოვნება?
ის უკუღმართი, ნეტავ ვინ იყო?
ამ დროს მოესმათ, შიგით ფანდურში
ფხაკურ-წრუწუნი რაღამაც იწყო.
– დასწყევლოს ღმერთმა, – ამბობდა საბა,
– სიმებს დასჭრიდა, სწორედ თაგუნა.
გამოძვერ, წუწკო, გამოდი კარში, –
გარედან ხელი დაურაკუნა, –
სიმების დაჭრა როდი გვაკმარა,
თურმე ფანდურში დაისადგურა!
„მოვკლათ, პაპაო, შაჩვენებული,
დღე გაუმწაროთ, რომ გაგვამწარა“.
მუშტ-მოღერებით ფანდურს ეხვევა
აღელვებული ბალღების ფარა.
კატას ეძებენ, რომ ჩაუსაფრონ
ზოგნი, სხვანი კი მუშტით უცდიან.
თაგვმა უშველა თავსა, ამოხტა,
პირ-დაღებული იქვე ჰყუდიან
ბავშვები. ბოლოს დასცეს ყიჟინა,
მაგრამ ამაოდ. თაგვმა მარდადა
სოროს მიჰმართა, შიგ შაირბინა,
ღამე ნათევმა, ნაქეიფარმა
გვერდზე შემოწვა და დაიძინა.
– ახ, ეგ რჯულ-ძაღლი, შაჩვენებული, –
ამბობს მოხუცი, თან სიმებს ჰკვანძავს,
თუმც კარგად იცის, ნაკვანძი სიმი
ძველებურ ჰანგსა ვერ გამოჰსახავს.