ვაჟა-ფშაველა
მოთხრობა

დარეჯანი

დარეჯანი იქნებოდა 50 წლისა, მაგრამ 30-35 წლისასა ჰგავდა. იგი იყო შავგვრემანი, უზომოდ მაღალი. სახის გამომეტყველება ჰქონდა მძლავრი. დარეჯანის პირდაპირ შეუპოვარი ცქერა კაცს ძალაუნებურად შეაკრთობდა. ამასთან ერთად წარმოიდგინეთ იმისი ვაჟკაცური, რიხიანი ხმა და საუცხოვო ჩაცმა-დახურვა. იმსიმაღლე დედაკაცი ხანდახან, მარტო ჯუბას ჩაიცვამდა, ჯუბას, რომელიც ერთიორად სიმაღლეს უმატებდა. წელზე შემოიჭერდა პრტყელს ტყავის ქამარს, რომელზედაც ტყავის ქარქაშით ხანჯლის ტოლა დანა ეკიდა. დარეჯანს, როდესაც იგი გაემგზავრებოდა სადმე, ხელში ეჭირა თავის ტანზედ აცილებული, ხის ტარზედ დაგებული შუბი. დარეჯანი სოფლის დარაჯად და პატრონად იყო სწორედ დაბადებული. იმაზე ადრე სოფელში არავინ გაიღვიძებდა; გაღვიძებისთანავე იმისი ხმა ჭექა-ქუხილივით გაისმოდა გაღმა-გამოღმა. აგერ ერთს გასძახის: „სად ვინა ხართ, დალია ხბუებმა ყანა, მწერელ-ჩვილებო?!“ ახლა მეორეს: „მიეშველე, თორო გადმუარდება ბალღი, თეთრუავ! ჰაი, შე უკლოვ, შე უგერგილოვ, შენა!“ ლაპარაკონს სადმე სამი კაცი, დარეჯანიც იმათში ჩაერევა და ერთ-ერთსაც იქნება „დაჰრიშხნავს“, შეუტევს: „შენ ამას არ ედავებოდე, ბეჩავო, მამულსა, გაისარჯო, თავად გააკეთო მამული, ის გირჩევნია. ღმერთმა იმით არ მოგვცაა ე ხელები, გაისარჯენითო, განა იმითა, რო მიწის საჭმელად გაასუქეთო“. დარეჯანი მაშინვე თავის თავს წაუყენებდა მაგალითად: „მე სოფელმა მამული არ მომეცით, აბა, გაჰხედენით შაშუბსა, აის მამულები, საქერეები ვისი გატეხილია? ემისი არი, უყურეთ ჩემს ხელებსა! დღე და ღამ იქ მოვიკალ თავი და, დაილოცოს ღვთის მადლი, ერთი ლუკმა პური არ მაკლია დღესა. თქვენ ერთმანეთს ებრძვით, არა მე უნდა მეჭიროს მეტი მამული, არა მეო. განა ჩხუბით კი მაემატება მამულებსა, ცოდვილნო?!“ სოფლელნი დარეჯანს ათასნაირს, არა საძრახს და საკიცხავს, არამედ სასიქადულო სახელს ეძახდენ. მე ამ სახელებიდამ ორი მახსოვს: ერთი “დევა” და მეორე „პარახოტა“. მაგრამ ვინც ამ სახელებს დაუძახებდა დარეჯანს, იმას არ შეიძლებოდა თანაც არ დაემატებინა შემდეგი სიტყვები: „ბეჩავ, დედაკაცო, ცოდვა არ არია, შენ კაც არა ხარ?“ დარეჯანმა ცხოვრებაში დიდი წვა-დაგვა გამოიარა და წვა-დაგვითაც დაასრულა თავისი სიცოცხლე. დარეჯანი 18-ის წლისა დაქვრივდა; იმისი სახელი შორს იყო გავარდნილი; დარეჯანს აქებდენ სილამაზით, „თავგზიანობითა“ და მეოჯახობით. მთხოვნელი გულში ბევრი იყო დარეჯანისა, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა, გარდა ურჯუკისა. ურჯუკი სხვა თემისა და სხვა სოფლელი იყო. ურჯუკმა დარეჯანს „მარჯეკალი“ გაუგზავნა. მაჭანკლობა საზოგადოდ ბებერ დედაკაცების ხელობაა. სამეფო ბიჭები მაშინვე იმათ მიჰმართავენ საქმის გასარიგებლად, რადგან ისინი უკეთ იცნობენ მამაკაცისა და დედაკაცის გულსა, იციან რით და როგორ მოაწონონ ქალ-ვაჟს ერთმანერთი. სოფელ გ-ში, სადაც დარეჯანი იყო გამოთხოვილი, სცხოვრებდა დიდის ხნის დაქვრივებული მამიდა ურჯუკისა, შამანდუხი. ურჯუკს სხვისათვის ვისთვის უნდა ეთხოვნა შუაკაცობა, თუ არა თავისის მამიდისათვის?! შამანდუხი იმ დროს მივიდა სამაჭანკლოდ, როცა დარეჯანს კეცი გადმოღებული ჰქონდა და პურის „ჩაცხობას“, ჩაკვრას აპირებდა. შამანდუხმა, რა წამს დარეჯანთან კარებში შევიდა, იმ წამსვე ქებით მიჰმართა დარეჯანს: – გენაცვალე, შვილო, – სთქვა მოსაწყლებულის ხმით შამანდუხმა, – რა თავგზიანი ხარ და რა ყინჩი (კარგი). კერის პირას დარეჯანის ორის წლის ვაჟი გამახარე იჯდა და ნაცარს ურევდა ჯოხით. შამანდუხი მოეხვია ბავშვს, თანაც თვალები მოუცრემლიანდა, გამახარეს ღარადელა (ჩირი) და თხილ-კაკალი მისცა და თან დაიწუწუნა: – ჩამოგიდნი, აგრია, ვაჟავ, ობოლავ, ტიტველ-შიშველო! – შემდეგ ჩვეულებრივად მოიკითხა დარეჯანი. – რას კილოსა ხართ, დამიტირე, ხო არა გიჭირსთ კაცით, საქონით, მერავ, – ან ამ ვაჟს ხო არა გიტკივა? – არა გვიჭირს, შენი ჭირიმე, დღესნამდინ ცოცხალი ვყრივართ, ღმერთმა გიცოცხლოს მზის საფიცარი. მერმე თავად ხო არა გიჭირსთ? – ჰკითხა დარეჯანმა. – არცარა ჩვენ გვიჭირს, აგრემც დამმარხავ. სტუმარი და მასპინძელი ერთად ჩამოსხდენ სადედაკაცო კერაზე. დარეჯანმა შამანდუხს ნაბადი დაუგო. შამანდუხს იღლიაში ტარ-ფარტენა ეჭირა ხოკრით. ხოკრიდამ საგრეხელი ამოიღო და დაუწყო მატყლს რთვა, თან დაწვრილებით ჰკითხავდა დარეჯანს ყოფა-ცხოვრებაზედ: – მებრალები, – სთქვა შამანდუხმა ამოოხვრით ბოლო დროს: – მებრალები, ჩემთ მკვდართ ცხონებამა, ბალღი ხარ, შვილო, ჯერ შენა, ჯანი გაქვის, მაგრამ განა სულ ეგრე იქნები? შენ თუ პატრონი არ იშოვნე, დედაშვილობამა, არ გამოგადგება ეგრე ყოფნა. კაცს გიშოვნი ისითასა, რო შენს ბედს ქვეყანა მიჰნატროდეს. ეს უკანასკნელი სიტყვები შამანდუხმა ჩურჩულით წარმოსთქვა. დარეჯანი ამ სიტყვაზე აენთო: გათხოვება ფიქრადაც არ მოსვლია არა დროს. იგი წრფელის გულით უერთგულებდა გარდაცვალებულს ქმარს, მით უმეტეს, რომ უძეოდ არ დაქვრივებულა. შამანდუხის რჩევა არ მოეწონა.
1 / 7
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/prose/1b-darejani-motxroba

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა