სიმღერა
დანაბარები
Ι
თბილისი სპარსთა დაიპყრეს,
მიდ-მოდის სისხლის ღვარები;
მეტეხს უსწორდა მტკვრის ძირით
ქართველთ მოჭრილი თავები.
სად არი პატარა კახი?
სადაა ქართველთ ჯარები?
რად არ ჩნდებიან მეშვლადა
ხმალ-ამართული მკლავები?
– სისხლმა დაფარა ფხა ხმლისა,
მიწამ დაჭამა ფარები,
ტიალ კრწანისმა მოგვშრიტა,
დროშებს დაგვიწყდა ზარები.
ვაჟკაცთ შეაკლეს მტერს თავი,
შინ არვინ მომავალია,
ატირდა ცხარის ცრემლითა
მზე მთის პირთ ჩამავალია,
ვინც უღალატა მეფესა
და გაგვილაღა მტერია,
არ დაივიწყებს იმათაც
ტანჯული ქართვლის ერია;
იმათ სახელი, ხსენება
წყეულთ სიაში სწერია.
ΙΙ
შეძრწუნებულსა მთა-ბარსა
ძილი არ ეძინებოდა.
სხივი მთვარისა მყინვარსა
სქელს ქედზედ ეფინებოდა.
არაგვი ჰღრღნიდა კლდეებსა,
სანგრევლად ეღირებოდა,
გაღმიდამ მგელი გამოღმა
ცხვარს ძმობას ეპირებოდა.
გაწყვეტა ჩვენის ჯარისა
ჩვენს მტერს რად ეწყინებოდა?
არაგვში ცხენი მოცურავს
უმხედროდ, უნაგრიანი;
ვინ ანდო ცხენსა აბჯარი,
ფრანგული მელანქრიანი?!
ან ეგ სამეფო გვირგვინი,
ზურმუხტ-ალმასის თვლიანი?!
წყლის პირს მხედარიც გამოჩნდა,
მოხუცი ცხვრის ტყავიანი;
ეგ ლომი საქართველოსი,
მტერთად ნათქვამი მეხადა,
ლაშქრობას ჩამოღალული,
ლურჯას მასდევდა ფეხადა.
ხელს უქნევს წასასვლელადა,
შამაუძახა მჭეხრადა:
„წადი, ტიალო, ვის უცდი,
მუხლში ჩაუშვი ქარიო?!
დარეკონ, უთხარ, ქალაქში
სამგლოვიარო ზარიო.
ნუღარ ელიან, სრულ გასწყდა
ერთგული ქართვლის ჯარიო.
ვინც მიღალატა, იმათი
გამგებელია ჯვარიო…
სხვა მოიძიონ პატრონად,
სხვას დაუკროდენ თავიო,
სხვას შამაარტყან წელზედა
ჩემი ნარტყამი ხმალიო.
წადი, ტიალო ლურჯაო,
სწრაფად იარე, მალადა,
შენც სხვა მოსძებნე მხედარი,
მე წელს მოვიდრეკ ძალადა.
მე რისთვის დავრჩი ცოცხალი,
ცოდვა ვქმენ შეუნდობარი,
ვერ მოვკვდი იქა, საცა სხვა,
ერთი ქართველი მხედარი.
არ დამაცალეს შვილებმა
მტრისთვის შამეკლა თავია…
აღარ დამწვავდა თვალებსა
ქვეყნის სვე-ბედი შავია!
მე ვერ წამოვალ თბილისსა,
ვეღარა ვნახავ თვალითა
თვით ქართველთაგან შემუსვრილს
და მორწყულს ცოდვა-ბრალითა.
ან აქ – მთიულეთს – დავრჩები,
ერთგულნი ყმანი არიან,
ან არა, წავალ კახეთსა,
თელავი მიყვარს ძალიან.
არ დამიფასდა ამაგი,
დროს გავატარებ გლოვაში.
კარგის მყოფელი გაიგონ
ქართველთ, უფალს ვთხოვ ლოცვაში.
სხვაფრივ თუნდ მოვკვდე, ვიცოცხლებ
თუშ-ფშაველ-ხევსურთ ხსოვაში“.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა