პოემა
1880დაჩაგრული მესტვირე
დავრჩი ობოლი. არავინ მყვანდა,
რომ შევენახე დაობლებული;
ის მამის ქოხიც ჩამომეშალა,
ოჯახიც გახდა გაოხრებული.
მშიერ-ტიტველსა მომინდა რბენა,
რა მამაჩემი ჩავფლე საფლავში.
ნაღველმა გულზე დამიწყო კბენა
და ცრემლი მედგა მუდამ თვალებში.
მუცელს შიმშილი, ფეხებს სიშიშვლე
მუდამ-დღე ჰქონდა დაულეველი.
დაჩაგრულობით ადრე და მალე
დამეკარგა მე სიცოცხლის ძალი.
მწარე სიცოცხლე გამოვიარე,
დაწყლულებული მე დავდიოდი,
მაგრამ ისეთი კაცი ვერ ვპოვე,
ერთს მაინც ვისმე შევბრალებოდი.
მდიდარმა მნახა, ყური არ მიგდო,
შემომიმზირა რაღაც ღმეჭითა;
ჯერ ლუკმა პურიც არვინ მომიგდო
მისუსტებულსა მე შიმშილითა.
ასე ვატარე ჩემი სიცოცხლე,
მინამ ქვეყანას მე გავიცნობდი.
რაკი გავიცან სოფლის სიმუხთლე,
მაშინ გონებით სულ გადავოცდი.
მანამ მე მხოლოდ თავი მიმაჩნდა
მწარე ბედისგან დაჩაგრულათა,
მაგრამ რა ვნახე სხვაც დაჩაგრული,
მე უბედობა ვიცან ბედათა.
ასრეთმა ქვეყნის უსამართლობამ
ჩამიყო თავი მწარე ფიქრებში:
რა დავაშავეთ ჩვენ – ამ საწყლობამ,
რომ ცოცხლებს გვმარხვენ ცივ სამარეში?!
სულ ესე ფიქრი ჩემს გონებიდამ
იყო დღე და ღამ განუშორებლივ,
ამისა გამო ვზარობ სიცოცხლეს
და ვეკიდები კაცის ძეს მტრობლივ.
ჯერეთ ვიფიქრე: თავი მოვიკლა,
მოვრჩე ამოდენს წვა და დაგვასა,
მაგრამ ბოლო დროს თავს გავუჯავრდი,
ვუთხარ: სიკვდილი ვის მოხდის ბარგსა?!
ვნახე, რომ საწყლებს არავინ ჰყავდა
უბედობაში მანუგეშებლათ.
მდიდარი ღარიბს ფეხ-ქვეშ სთელავდა
და არა სთვლიდა თავის ტოლ კაცათ.
ვსქვი: ვანუგეშო მე დაჩაგრული,
მექმნე მე იმას წყლულისა წამლათ,
გულიდამ მოვხსნა მძიმე ნაღველი,
გული მომიწყავს ჩემს მადლსვე მადლათ.
ბევრი ვიგონე – ეს მოვიგონე:
ერთი საითმე სტვირი მეშოვნა,
წამოვსულიყავ, ქუჩებზედ მევლო,
დაჩაგრულების ბედი მეტირნა;
მდიდარს თუ ღარიბს კარს მივდგომიყავ,
ჩემი ქამანჩა – იქ მიმეყივლა;
გულს დამეწერა: კეთილი იყავ
და ნუ იქნები ქვეშ-ქვეშა მელა.
ყველა გავმართე, გუდაღა მაკლდა,
ახლა გუდისთვის დავიწყე ზრუნვა;
გზაზედ მომავალს ბებერი დამხვდა,
მას თან მიჰქონდა ნაკუწთა გროვა.
ვუთხარ: – დედილო, ღმერთი გიშველის,
ცოტაოდენი ნაკუწი მომე:
გუდა არა მაქვს, სტვირი მიმელის,
და მაგის ფასსა მოგიმღერ ხვალვე.
– რათ გინდა, შვილო, შენ ნაკუწები,
ჩემ ფერს ქვრივ-ოხერს რა მოსჭარბდება?
მშიერ-ტიტველი მყვანან შვილები,
ჭამა და ჩაცმა მათ ეჭირვება.
აგერ, წა, შვილო, იქ მოითხოვე,
ხომ ხედავ, აგერ მწვანე სახლი სდგას?
ამის მომცემი იმ სახლში სცხოვრობს,
ის მდიდარია, ბევრი სხვაცა აქვს.
– ეგ ხომ ვიცი მე, ჩემო დედილო,
მეც კარგად ვხედავ მდიდრების სახლებს,
მაგრამ მესტვირის გუდა იხილო,
მდიდრის ნაკუწი იმას არ არგებს.
იმ ნაკუწებში, რისიც გუდაა,
უნდა დნებოდეს ტანჯვისა ოფლი,
თორემ ის სტვირი „ყვას“ დაიჩხავლებს
და არც ექნება ამის ხმას ძალი.
ბებერს როგორღაც არ მოეწონა
ჩემი ასეთი ბრიყვათ მოქცევა,
გამწყრალმა თუმც კი წაიდუდუნა,
მაგრამ გაშალა ნაკუწთა გროვა.
– ჰა, შვილო, მოდი, ამოირჩიე,
როგორიც შენს გულს მოეწონება.
სულ ნუ წაიღებ, მეც გამიწირე,
ხომ იცი, შვილო, მეც დამჭირდება?!
რა მან ეს მითხრა, მეც გამეხარდა,
ვსთქვი, რომ ახლა კი ღმერთი მიშველის.
მაშინვე გულიც სპეტაკათ გახდა:
მას მოეხადა ჟანგი ბოროტის.
მიველ და უფრო შავი ვარჩიე,
იმ ნაკუწებში თუ რამ ერია,
სულ წვრილ-წვრილობით ამოვარჩიე,
ერთი-ორობით შევაყენე რვა.
წამოველ, მერმე სულ დავიარე,
თუ სადმე საწყალთ სადგური იყო;
ყველა დაჩაგრულს ბაჟი მოვხადე,
მართლაც ამ გუდამ გუდობა მიყო.
ნემსი და ძაფიც ღარიბთ მოვთხოვე,
მდიდრის მოცემულს ვუთხარ უარი.
ნემსი ქვრივ-ოხრის, ნაკუწი ბებრის,
ძაფად ვიხმარე საწყლის თმა-წვერი.
კარგა ხან ვკერე, ვკერე და ვკერე,
როგორც კი იყო ბოლოს შევკერე,
გუდა გამოდგა. ენა აიდგა
ჩუმათ ტანჯვისა დაიწყო გმინვა.
სტვირსაც ყმაწვილის ჩაუდგი ენა:
ისე უმანკო წმიდისა გულით,
იმან დაიწყო უბილწო ჟღერა.
ტანჯვით და მასთან სიამოვნებით
შეიძლებოდა იმისი სმენა.
მისი ხმა იყო მსგავსი ველურის:
იქ ხელოვნური არა ერია,
მაგრამ ხმა იგი, როგორც სიმართლის,
ყველა კაცს გულზედ სწრაფლა სწევია,
მისი ხმა იყო ხმა სინანულის,
შემარიგები ხმა და მლოცველი,
და არა შფოთვა შურის და წყევლის,
კაცობრიობის აღმშფოთებელი.
სტვირმა თავისი რჯული დაიდო:
თავის ნებაზედ ის მოქმედობდა,
ქვეყნის საქმეებს თავი დაუდო,
მე არაფერში მეკითხებოდა.
მე იმან მითხრა: „შენ დაუბერე,
სხვაში არაში გსაჭიროებო;
ყველას კარი-კარს შემოუარე
და მე ჩემ სათქმელს ავაჟღერებო“.
მაშინვე გუდა დავაკარ სტვირზედ,
მით შევაერთე მათი პირობა:
გუდას ებერნა დაუსვენებლათ
და სტვირს ეჟღერა ჭეშმარიტება.
ჩემს სტვირს დავადე სახე გლოვისა,
ზედ გადავფინე მას შავი ჩადრი
და წარვაწერე: „ხმა სიმართლისა
და მაცხოვარი არის ეს კარი“.
მისი ლერწმები ხმელ დუდგულისა
1 / 6