პროზა
ჩხიკვთა ქორწილი
ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე ძლიერ დაშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკ ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მხცოვანი ჩხიკვი თომა.
თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოსთქვა: „აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანერთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლენ ესენი, ვითარცა წყალში თევზნი, ცაში ვარსკვლავნი, ჰქმენ შეუბღალავი სარეცელი მონისა შენისა ზაქარასი და მხევლისა შენისა ქეთევანისა. ამინ“. სთქვა რა ეს, ორივეს ტურფა ყვავილების გვირგვინი დაადგა თავზე. „ამინ!“ „ამინ!“ – გაისმა გვრგვინვით ხმა აქეთ-იქიდან. ამას იძახდნენ სტუმრად მოწვეულნი ფრინველნი: ჩხიკვნი, ქერონები, წიპრიები, ნიბლიები, კაკბები, გნოლები, ღობემძვრალები, ბოლოცეცხლები, ჭივჭავნი, გვრიტნი, ტრედნი და სხვანი მრავალნი. ტევა აღარ იყო, იმოდენა სტუმრებს მოეყარათ თავი. საქეიფოდ მშვენიერი ადგილი ამოერჩიათ: ერთი ტაფობი ხშირყვავილიანი, ბალახით დაფენილი და უზარმაზარი ხეებით დაჩრდილული. ყვავილებსაც უხაროდათ, ისინი ქორწილში იყვნენ დაპატიჟებულნი. იქვე ცივი, ანკარა წყალი გამოდიოდა. სუფრა გრძლად იყო დაფენილი და ზედ ათასნაირი საჭმელები და ხილეულობა ელაგა. რა ჯურის ჭიას და ბუზს იტყვით, აქ არ მოეტანათ, – ბალახთა თესლი ათასნაირი…
ნეფე-დედოფალი მიიწვიეს ყვავილებით დაფენილს ტახტზე და წვეულნიც წამოსხდენ მწკრივად. გაიმართა დიდი სმეულობა და ჭმეულობა. ათასნაირი სასმელები ისმეოდა: კახური ლალისფერი ღვინო წყალივით მოდიოდა სუფრაზე… ყველამ ადღეგრძელა ნეფე-დედოფალი და ყველამაც ძღვენი მიართვა.
იქვე კოდალა მჯდარიყო ერთ ყუნწზე ფუღუროში და იმან „მრავალ-ჟამიერი“ დაიძახა.
– შენ, ეი, მყვირალავ, ღვინოს-კი არა სვამ, შვილონიავ, და რა იქნება? ღვინო დალიე, და! – შეუძახეს კოდალას ერთხმად ფრინველთა.
– მოიცათ, კაცებო, ცოტა ხანი დამაცადეთ, ღმერთი გადღეგრძელებთ: აქ ერთი კაი მსუქანი ჭია ვიპოვნე, ის მინდა გამოვთხარო და მერე, რამდენიც გინდა, ღვინო მასვით, ფიქრი აღარა მაქვს, გულდამშვიდებით ვიქნები, – მიუგო მათ კოდალამ და თან ნისკარტით დაუწყო ფუტურო ხეს ჩიჩქნა. ყველამ თვალი კოდალას მიაპყრო.
– აბა, შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, – მისძახოდენ კოდალას ფრინველნი. – თუ არ გამოგიყვანია, ვაი შენს ტყავს, პურს აღარ გაჭმევთ, იცოდე.
კარგა ხანს გაუდიოდა ფუტურო ხეზე კოდალას ნისკარტს და ფეხებს ფხაკუნი და არც ტყუილად: კოდალამ გამოათრია კარგა მოგრძო ჭია, გველის ჭარის მსგავსი, და ნისკარტით მიართო ნეფე-დედოფალს.
– გაუმარჯოს ნეფეს და დედოფალს! – დაიყვირა კოდალამ მაღალის ხმით. – კამპანიასაც გაუმარჯოს, ურა!
– გაუმარჯოს, გაუმარჯოს! ურა! ყოჩაღ, კოდალა! ბარაქალა, რომ არც თავი შეირცხვინე და არც ჩვენ, – ჰყვიროდენ ფრინველნი. თამადამ „საკარგყმო“, რადგანაც ვაჟკაცობა გამოიჩინა კოდალამ, ღვინით სავსე ჯიხვი მიაწოდა; იმანაც სულუქცევრად გადაჰკრა და გადაუგდო თამადას ცარიელი ჯიხვი. თამადად იგივე მოძღვარი ჩხიკვი თომა ამოერჩიათ.
– პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო. – სთქვა ყვავმა და თავის მშვენიერის ხმით შემოსძახა სუფრული. ყვავს მისცეს აქეთ-იქიდან ბანი და გაძლიერდა მღერა ისე, რომ ტყეს ჭახჭახი გაჰქონდა. მთა-ბარი ზანზარებდა. ყვავილები სიცილით იხოცებოდენ. აქვე ახლოს ერთს თაგუნასა ჰქონდა სორო. ხმაურობაზე საღერღელი აეშალა და გამოიხედა სოროდან გარეთ. დიდხანს უცქირა ფრინველთა ნადიმს, შექცევას, ჰხედავდა მსუქანს, ნოყიერს საჭმელებს, ფერად-ფერადს, ნაირ-ნაირს და ხარბად ჰყლაპავდა ნერწყვს ნერწყვზედ. ითმინა დიდხანს და ვეღარ მოითმინა: რაც მომივა მომივაო, სთქვა; მიცუნცულდა ახლოს, ისკუპა და პირდაპირ ნეფე-დედოფლის წინ თხილიანს სუფრაზე დასკუპდა.
– ვინც მოვიდეს, გაუმარჯოს! გაუმარჯოს წრუწუნას! – გაისმა საერთო ხმა ფრინველთა. – ჰოი, შენი ჭირიმე, რო დაგვხედე, ბიჭო! – ეუბნებოდენ თაგვს შეზარხოშებულნი ფრინველნი.
– გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ, გენაცვალეთ, იცოცხლეთ და იხარეთ, მუდამც ლხინი და კაი საქმე ნუ მოგიშალოსთ უფალმა დამბადებელმა, – ამბობდა თაგვი და თან ერთს გულიანს თხილს ჩასციებოდა, კბილით აკნაწურებდა ნელ-ნელა.
– ღვინო მიართვით წრუწუნას, ღვინო, – დაიძახა თამადამ, – მაგას ჩვენოდნობამდის ბევრი აკლია.
– ღვინოს არ გიახლებით, გენაცვალეთ, თხილი ჩემის თვალის სინათლესაც მირჩევნია, თქვენ გაატარეთ დროება; მე თხილს ვაკნაწურებ, არაფერი მიშავს.
– არ გიახლებით, რა სიტყვის პასუხია! ჰა, დალიე, თორემ თავზე დაგასხამთ ღვინოს, – უთხრა შეტევით თამადამ თაგვს და ჯიხვი კოდალას მიაწოდა. კოდალამ ჩამოართო თომას ჯიხვი და მიუჯდა წრუწუნას ახლოს.
– დალიე, ე, ძმობილო, ქორწილია, განა ის ხომ არ არის! თხილი აკნაწურო, რა ბრძანებაა! ჰაი, თუ აკნაწურებ შენცა, ჰა, ჩამომართვი ჯიხვი-მეთქი, – უთხრა კოდალამ და თან ჯიხვი მიაწოდა.
1 / 3