ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ჩონგურს სიმები დამიწყდა

(სიმღერა) ჩონგურს სიმები დამიწყდა, მღერა მწადიან აღარა. საკუთარის ღვთის ტკბილი ხმა ყურს მეწვეთება აღარა, განწყობა სასიმღერიო გულს ეკარება აღარა; მიტომ მდუმარებს ჩონგური, გულიც ნაღველმა დაღარა. შემირცხვა უდროვო დროსა ნამუსიანი ჭაღარა. ვგლოვობ დაკარგულს ნუგეშსა და დადუმებულს გრძნობასა. ვაფურთხებ, ვწყევლი უქნარსა ამ დაოჩნებულს ყოფასა, იქნება ექმნას ნაყოფი თავის წვრთნას, თავის გმობასა! ჩემი სიცოცხლე სიჩლუნგის – რა ვქნა – ვერ შესძლებს ყმობასა! ჩონგურს სიმები დამიწყდა, ვქცეულვარ მკვდარზე მკვდარადა, უბედურად ვგრძნობ თავის თავს, აღარა ვღირვარ ჩალადა. ნეტავ, ლოგინად ჩავვარდე, ვიყო სიკვდიდმდე ავადა, რომ ავადებას ვაბრალო გულის სიჩლუნგე, გონისა, ვიმართლო თავი ამითა – სისუსტე მაქვსო ღონისა, – ეს-ღა მიცნია წამალი კაეშნის მოსაფონისა. დამიწყდა ჩონგურს სიმები, აღარ აესხმის, აღარა; სხვისამ იჟღეროს ჩონგურმა, სხვამ ააქუხოს ნაღარა, აღარ სჭრის ჩემი იღბალი, გაცუდდა ჩემი ჭაღარა! სხვა დასტკბეს ტკბილის ჰანგითა, ტკბილის ლექსების მღერითა, სხვას ესაუბროს უფალი ტკბილის ღვთიურის ენითა; სხვა დასტკბეს, სხვამ იქეიფოს განწყობით ამაზრზენითა. მე ვინუგეშებ დღეს თავსა წინათ ნამღერის სმენითა, შავიმსუბუქებ კაეშანს ცხელის ცრემლისა დენითა. დამიწყდა ჩონგურს სიმები, აღარ აესხმის, აღარა; სხვისამ იჟღეროს ჩონგურმა, სხვამ ააქუხოს ნაღარა. მე პირზე კლიტე დამედვა. იქნებ ცხოვრებამ დამღალა. მომხედოს კიდევ უფალმა, იქნებ არ შერცხვეს ჭაღარა. რა ბედნიერი ვიქნები, მაშინ ვიგლოვებ აღარა! გადავაბიჯებ თამამად როსტომივითა მთა-ბარა. თორემ მტერს ასეთი ყოფნა, რომ კაცი ჰგრძნობდე მკვდრობასა, სწყევლიდე ბედის ვარსკვლავსა, თავის დღეს, თავის შობასა… იწევდე, ვერ უდგებოდე გულზე ლოდების წყობასა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა