ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1890

ჩივილი ხმლისა

- დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში. სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? - სადღა მყავს, ძმაო, პატრონი: შამქორს გავწირე მკვდარია, ორმოცგან სჭირდა ნახმლევი, სდიოდა სისხლის ღვარია. ომში წინ წასვლა უყვარდა, ხელთ დაბღუჯვილი ფარია; არას დასდევდა სიკვდილსა, ოღომც არ შარცხვეს ჯარია, მეფის თამარის გვირგვინი, ქართველთ სამეფო გვარია. ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს ლაჩართ კედელზე უქმადა; ვისღა სცალია ჩემთვისა, ქვეყანა იქცა დუქნადა. გადამაგდებენ გირაოდ... და გზირ-ნაცვლების ხელითა ქვეყანა მხედავს მდებარეს „არშინის“, „ჩოთქის“ გვერდითა. შვიდასი წელი გამიხდა, არ გავპოხილვარ დუმითა, არ ვულესივარ ქართველსა დაღიღინებით ჩუმითა. მისი ხმა აღარ მსმენია: „გასჭერ, გამიშვი წინაო, თუ სახელს არ მაშოვნინებ, როგორ დავბრუნდე შინაო!“
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჩივილი ხმლისა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში