სიმღერა
ჩიტთა ფაფობა
Ι
ჩიტები ისხდნენ ღობეზე,
სხვანი ღობის წინ ხეზედა,
იკეკებ-იჩეჩებიან,
ნისკარტებს ისმენ ფრთებზედა.
ჩამოთბა, წყალი თოვლისა
ყვითლად მიქანავს გზებზედა.
განცხრომაშია ჩიტები,
უამსთ: თბებიან მზეზედა,
გააბეს მასლაათიცა
ცა-დედამიწა-ღმერთზედა.
ერთმა ბეღურამ დაიწყო, –
ჭკვიანი სჩანდა სხვებზედა.
პირველი ბეღურა
სიცოცხლე, ძმებო, კაცს უღირს,
ყველაფრით მოწყობილია,
საზრდო, მთელი წლის საკმაო,
სახლში აქვს მოგროვილია,
როცა სწადიან, მუშაობს,
რომ მოისურვებს, სძინია.
კაცს არაფერი აშინებს,
თამამად დადის ყველგანა;
ის ბატონია, მეფეა,
ყმადა ჰყავს მთელი ქვეყანა.
მეორე ბეღურა
ერთი მეც ყური დამიგდეთ,
ვილაპარაკოთ წყნარადა.
ადამიანი, თუ იცით,
ბეღურებს გვაგდებს არადა.
პატარები ვართ, საწყლები,
მოვჩანვართ წვიმის ცვარადა.
ღონე არა გვაქვს, არც ფული
და არც სახლ-კარი მბრწყინავი.
ვყრივართ ღვთის ანაბრობაზე,
ჯაგიდან ჯაგზე მფრინავი.
ტანისამოსი ვინ მოგვცა,
ან ქვეშაგები ბეჩავთა,
თუ იარაღი, რომ იმით
დავუხვდეთ ავად-მხედავთა!
ვინ-გინდა მიტომ ქვას გვესვრის,
სხვა – თოფსა საფანტიანსა,
არავინ მოსთხოვს ანგარიშს: –
ჩიტებს რად აძლევს ზიანსა?!
ვისთან ვიჩივლოთ, სად ვპოებთ
მსაჯულსა თავაზიანსა!
მიკვირს, რითა ვძლებთ ამდენ ჭირს,
რისაგანა ვართ ცოცხლები,
რატომ არ გაგვწყვეტს სიცივე,
ან მონადირეთ თოფები!
მაგრამ სროლად რომ არ ვღირვართ,
მიტომ ვართ შესაცოდები.
ბდღვნად არა ღირსო ჭივჭავი,
ამბობენ ლოთი-ფოთები.
ეს ესეც არი და მიტომ
შევქმნილვართ დასაზოგები.
მესამე ბეღურა
(მეორეს)
ნუ დაივიწყებ საბუთებს,
რაკი ეგრე ვრცლად მოჰყვები,
რომ საჭირო ვართ ბოსტნისთვის,
როგორც სახლისთვის ბოძები.
ეს რომ იციან, იმიტომ
გვზოგავენ ჩვენი მხოცლები.
მეორე ბეღურა
დიაღაც. სწორედ მაგიტომ
ჩვენ შეგვრჩა ტანზე ჩოხები.
მოგწონთ თუ არა ნათქვამი?
რა თვალებს აბღვერთ ზოგები?
საერთო ხმა
განაგრძე, ყველა ყურს გიგდებთ,
არავინ გიცქერს ბღვერითა.
მხოლოდ ნუ დაგავიწყდება,
უნდა ვიუბნოთ ჯერითა.
მეოთხე ბეღურა
ჰო, საკვეხურად ისა გვაქვს,
მით ვსჯობნით ადამიანსა,
თავმოყვარება მეტი გვაქვს,
თუმც მკლავს არ ვიქნევთ ხმლიანსა
და არც ვიკადრებთ, რაიცა
არ ეკადრება ფრთიანსა.
რამდენი რამე მინახავ:
შემომივლია სოფლები,
მინახავ დედ-მამიანი,
იმათთან ერთად ობლები.
მდიდრის ეზოშიც ვიცხოვრე,
ათასი ჰყვანდა მცველები;
იმასაც სათხოვნელადა
განზე გაეპყრო ხელები.
ღარიბები ხომ, ეს არი,
იმათ ვასხედვართ თავზედა,
სულ ვიცით იმათ ამბავი,
მივდ-მოვდით იმათ კარზედა.
და ზოგს თუ არ დაეხმარა
მისივე მსგავსი გლეხია,
უნდა ჩაჰბარდეს მეუფეს,
მოკვდეს, გაჭიმოს ფეხია.
ათასი მთხოვარა დადის,
თხოვნაა იმათ ხერხია.
და ჩვენ-კი, ათასჯერ მითქვამს,
ბევრგანაც დამიკვეხია:
სამთხოვარაოდ წასული
არ გაგონილა ბეღურა,
თუმცა არცა-რა ტანთ ეცვა,
არცა-რა თავზე ეხურა.
ჩვენ ვცხოვრობთ თავის შრომითა,
ვიდრე დღე დაგვიბნელდება,
სხვის კარზე მთხოვრად დგომითა
სულთქმა არ გაგვიძნელდება.
მესამე ბეღურა
ის გავიწყდება, ძმობილო,
რითაც უფრო ვართ მეტები.
მე, მაგალითად, კაცივით
დაბლა არ დავეხეტები
და შემოსილი არა მაქვს
ქალმით თუ წუღით ფეხები.
ჩვენ ვფრინავთ მაღლა, ჰაერში,
ამ ჩვენის ლაღის ფრთებითა,
ერთ დღეს მოვივლით მანძილსა,
კაცი – ვერც ერთს წელს ფეხითა.
ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ იგი
ჩვენა გვჯობია ხერხითა.
მეორე ბეღურა
ხერხი აქვს, მაგრამ ნამუსით
ბევრით მდარეა ჩვენზედა,
ვინ იცის, რას არა სჩადის,
სულ სისხლი სცხია ხელზედა.
მიწა რომ იმის თხოვნითა
მობეზრდა, გული გაუსქდა,
ეს არ იკმარა, თხოვნითა
ახლა ღმერთს ცაში აუხდა.
რამდენს ემდურის უფალსა,
თუ საქმე რამე წაუხდა.
პირველი ბეღურა
მაგას რად ამბობთ, კაცებო,
ცოტა ვიუბნოთ ჭკვაზედა.
კაცის ამაგი ჩვენც გვათბობს,
ავი არ გვეთქმის მაზედა:
ეს საბძელ-კალო მისია,
იქ საკენკს რო ვკენკთ გზაზედა.
მეორე ბეღურა
ქაჯან, ეგ თხოვნა არ გახლავთ,
არც საჩუქარი კაცისა:
ის მისთვის უმნიშვნელოა,
განაყოლები ქარისა,
თუ შესძლებს, არ გააყოლებს
კაცი ერთ მარცვალს ბზეშია,
იმ აზრით, ეგებ მარცვალი
ჩვენ ჩაგვივარდეს ხელშია.
ყოჩაღ, რომ ჩვენის შრომითა,
ფრთა-გაყრილები ფრთებშია,
ბარდ-ბურდში მარცვალს ვპოულობთ
და ჩავიგორებთ ყელშია.
ზნეობრივ ადამიანსა
ჩვენა ვჯობივართ ბევრშია.
მესამე ბეღურა
მაშ როცა დაჰფენს საფქვავსა
და უდარაჯებს კეკია,
მე დამიძახებს: ბეღურავ,
მოდი, მარცვლები კენკია!
დიახ, მაშ არა? პირიქით,
კეტს მომაღერებს დიდრონსა,
ცას, დედამიწას აქუხებს,
იყვირ-იკივლებს იმდონსა:
„აქშა, ჩიტო, საწიწაკევ!
ჩამოფრენას აპირებსა!
აქშა, ჩიტო, ბეღურაო,
ქორიმც ჩაგინადირებსა!
რას ჟღურტულებთ? რას ჟივჟივებთ?
გინდათ ძილი მომგვაროთა,
რომ დაფენილს პურის მარცვლებს
ეცნეთ, ხელი მოჰყაროთა?!
აქშა, აქშა, ჭივჭავებო,
ქორიმც ჩაგინადირებსა!
არ შევარჩენ, თავს გავუჭეჭყ,
ვინც ქურდობას აპირებსა!“
აი, კაცის სამართალი,
აი, მისი შენანება!
საფქვის პატრონს ჩიტებისა
მთლად გაჟლეტა ენატრება;
თავის სურვილს არცა ჰმალავს,
ან ვისაგან ეხათრება?!
მეოთხე ბეღურა
ერთურთსაც არა ჰხათრობენ
ადამიანნი ხშირადა,
ორის თავთავის გულისთვის
დგებიან თავდაყირადა.
ერთმანერთს თავ-პირს აღადრვენ,
1 / 2
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა