ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ჭირისუფალი

უბედურება ეწვია, დიდი ვაება ჩალხისა; ისმის ნაომარს ქვითინი, გლოვა-ტირილი ხალხისა. მოჰსვლია მთელი სოფელი, – მოკეთეები შორითა; ღვარი ჩამოდის ცრემლისა იმ ნაომარის გორითა; დგანდგარებს მთელი დარბაზი, მკვიდრად ნაგები ყორითა. რა ამბავია? რა მოხდა? რამ შეაძრწუნა ქვეყანა? თავი-თავს ამდენს ქალს და კაცს რამ მოუყარა ერთგანა? არა მომხდარა ისეთი, მუდამაც არა ხდებოდეს; განა რა საკვირველია, ადამიანი კვდებოდეს? დაკვრითა, ძალ-დატანებით რომ ხე და ან ქვა ტყდებოდეს?! ის უფრო უნდა გვიკვირდეს, ეს ასე არა ხდებოდეს: შაბერვით, წყალის დასხმითა სანთელი არა ქრებოდეს და დღის მაგივრად ხანდახან უკუნი არა დგებოდეს… დერიფანს სამი კუბო დგას, სამი ცხედარის საწოლი: ერთი დედაა შვილების, – შვილები მასთან ნაყოლი. გათავდა ჩალხის ბედობა, იმისი სარჩო-საყოლი; აღარვინ დაჰრჩა ვაჟკაცსა იმისი ამყოლ-დამყოლი; აღარც ლაშქრობას ერთგული, აღარც საქმეზე გამყოლი. რძით ნაზელს, კირით ნაგებსა კოშკსა ჰგავ გოხით ნაქოლი. არც არას ამბობს ჩალხია, ჩიბუხსა ჰსუტავს მხოლოდა; ფეხ-ფეხზე გადაგდებული დამჯდარა ტახტის ბოლოსა. ვინა ისეთი მოზარე, რომ იგი აიყოლოსა? როგორც ქვას, ცრემლი არ მოსდის, გული თუმც სტკივა მწარედა; გულშივე ჰხარშავს ნაღველსა, არ გამოაჩენს გარეთა. არავის უკვირს იქ მყოფთა, რატომ არ ტირის ჩალხია: ვაჟკაცად არი ცნობილი, განა დიაცი, ბალღია, რომ თავის დაღონებითა აცრემლ-ატიროს ხალხია და მტერსაც გალაღებულსა ის ათქმევინოს: „ახია!..“ ვერ შასძლებს შეუძლებელსა: ჯავრს ვერ დაიჩნევს იგია; ჩალხიას ასეთი ქცევა სხვებისთვის მაგალითია – გააადვილოს სიკვდილი ლაჩარის ხალხის თვალშია: როს ხმალზე საქმე მიდგება, არ აკანკალდენ მკლავშია. ვისაც სიკვდილი აშინებს, – ვინ გაიყოლებს ჯარშია?! თან-თან ტირილი გახშირდა, მოზარეებიც გამრავლდა; ჩალხიას გული ამ დროსა უფრო და უფრო გაქვავდა. ორნი მხარ-და-მხარ უსხედან, ახლად მოჰსვლიან სწორები: ერთი შავერდი, სხვა გივი, ორივე მთა და გორები; ისინიც მისებრ კერპები, ლაშქარში მოზიარენი, გულს უმაგრებენ ჩალხიას გმირნი ტყავ-ჩოხიანები, დაჭრეხილ ფახახიანნი, ხმა მჟღრინავ-ბოხიანები, თითო-ოროლი წამოთქვეს სიტყვები ბოძიანები. გახსნეს არაყის დოქებიც, საფევით ძონძიანები და გაუწოდეს ყანწითურ მკლავები ტოტიანები – ჩალხიას ძღვნად მოტანილი არაყი შესანდობარი; თან უთხრეს ორთვე ძმობილთა სიტყვა სალბუნო, მწყობარი: „ჩვენ არაყ შავსვათ, ჩალხიავ, დიაცთ საქმეა ქვითინი, ჩვენი-კი – ხმლების ტრიალი და ლურჯეების ბიბინი. ვინაც დაგაკლდა, გიცხონოს, ღმერთმა გაკმავოს ზარალი: საერთო არი სიკვდილი – ყველას თავგადასავალი. ამბობენ: ღვთის გაცემულსა ჩვენ ვერსით ვუშველთ ვერასა, კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა!“ ჰსვამენ მკვდართ შესანდობარსა, ვინც ლაშქარს მოკვდა, ველადა; ლაშარის-ჯვარიც ახსენეს, რომ საყმოს ჰყვანდეს მცველადა. ხელიდან ხელში გადადის არაყიანი ხელადა. მთებივით ჩრდილს აყენებენ დიდს მამა-პაპის კერასა. ვერ ჰყურობთ ჭირისუფალსა, რომ ამ დროს ჰბედავს მღერასა! მოატანინა ჩონგური, დაჰკრა, დაიწყო სიმღერა: ვისაც რამდენი ეწადოს, ილაყბ-იუბნოს იმდენა! მტრისთვის ეს ხორველა იყო, მოკეთის გული მთელდება, აღარც მას, აღარც ჩალხისა ყოფნა არ გაუძნელდება, და სხვასაც ამისთანა დროს გუნება გაუმხნევდება! [1903 წ.] შენიშვნები და ვარიანტები: ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 91 (დასაწყისი) და № 165 (ბოლო) (C). ნაბეჭდი: გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903 წ. 27/ΙV, № 113 (A); „ცრემლები“, 1909 წ. (B). სათაური: ცრემლი C. ავტოგრაფი წარმოადგენს ლექსის შავს, რომლის ფურცლები დაცულია ხელნ. ინსტიტუტში სხვადასხვა ნომრით (ადრე ცნობილი იყო მხოლოდ პირველი ნაწილის ავტოგრაფი). ხელნაწერი შეიცავს შემდეგნაირ სწორებებსა და ვარიანტებს: 1 ყოფილა: უბედურება ეწვია დიდი, – შემდეგ „დიდი“ წაშლილია. 4 ყოფილა: ცრემლის ღვრა არის ხალხისა, – შესწორებულია: გლოვა-ტირილი ხალხისა. 4 სტრ. შემდეგ წაშლილია: მოუყრავ ქვეყანას თავი. 5 ყოფილა: მოსულა, – გადასწორებულია: მოსვლია. 7 – 32 სტრ. დასაწყისი სიტყვები დაზიანებულია ფურცლის ჩამოხევის შედეგად. 11 რა ამბავია? რა მოხდა?] რა მოხდა?.. რა ამბავია?.. 12 – 14 სტრ. გადანასწორებია (პირვანდელი ნაწერი აღარ იკითხება). 14 ერთგანა] ერთკანა. 15 – 26 სტრ. მაგიერ პირველად ყოფილა 4 სტრიქონი (სტრიქონები დაზიანებულია): [აუკ]ლავ მისი სახ-კარი, [ოჯ]ახი დაუქცევია… [მაგ]რამ მტერს ჭირის უფალი [ქვეყ]ნით ვერ გაუქცევია. შემდეგ ავტორს შეუცვლია ეს ადგილი და მიუცია მისთვის ის სახე, როგორც ნაბეჭდშია (მვირედ განსხვავებულია მხოლოდ ერთი სიტყვა მე-15 სტრიქონში: მომხდარა] მოხდა-რა). ამ სახით ეს ადგილი (15 – 26 სტრიქონები) მიწერილია ხელნაწერის ბოლოში.
1 / 2
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა