ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ჩემს მურას

ვაჰმე, რა მეტად ბევრს უჭირს, ვაჰ, რა ბევრია ტანჯული, როგორა ხარობს სხვის ტანჯვით გულ-გაყინული მსაჯული! აბა უყურეთ მდინარეს – სისხლია, განა წყალია… ვაჰმე, რით უნდა ვუშველო, ამდენი ცოდვა ბრალია! იქნება ცრემლმა უშველოს, მოვრთოთ ქვითინი, გოდება, მიყეფე, ჩემო მურიავ, გულზედ ცეცხლს მინდა მოდება. შენა ხარ ჩემი ფარ-ხმალი, სიცოცხლე, თვალის ჩინია. მე მიყვარს შენი ღავღავი და გესლიანი ღრინია. აყეფდი, რაღას წკმუტუნებ, პირით წაყარე დორბლები… ეგება მგლები შემოფთხნენ, დაგვიშოშმინდენ ობლები. ეგება მიწამ შაჭამოს ერთიან ჩვენი მგმობლები! 1886 წ. შენიშვნები და ვარიანტები: ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15633 (A); ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 40 (B). ნაბეჭდი: „ივერია“, 1890 წ. 16/III, № 57 (C). სათაური: სიმღერა B. ჩემს ძაღლს C. A ავტოგრაფი თეთრად გადანაწერია. მხოლოდ ერთადერთი შესწორებაა მე-17 სტრიქონში: ავტორას ჯერ დაუწერია „ყოყმანობ“, შემდგომ კი შეუცვლია იგი სიტყვით „წკმუტუნებ“. B ხელნაწერი კი შავია, საკმაოდ ნასწორები. გვიჩვენებს შემდეგნაირ სხვაობათ: 5 უყურეთ] გაჰხედეთ. 16 სტრ. შემდეგ წაშლილია: სხვა ვინ მყავს სანდო ამ ქვეყნად, მეშველი გასაჭირშია?! ჩემის მტრის გამმჟღავნებელო, გენაცვლე ენა-პირშია. სანამ შენ ჰყევხარ პატრონსა, მგელს არ დავაჭმევ ბატკნებსა, მით არ დაულევ საწირავს ჩემთა წინაპართ ხატებსა. ამ წაშლილთაგან მე-7 სტრიქონში „საწირავს“ მაგივრად ჯერ ყოფილა: „სამღთოსა“. 17 ყოფილა: აყეფდი, ამოწკავკავდი, – გადასწორებულია: აყეფდი, ნეტა რას უცდი. 21 ყოფილა: მგელმა შაჭამოს, – შეცვლილია: მიწამ შაჭამოს. ლექსი გვიან დაიბეჭდა, შეკვეცილად (ჩანს – ცენზურის მიზეზით). ნაბეჭდში (C) 1 – 8 სტრ. აკლია და ასე იწყება: მიყეფე, ჩემო ერთგულო, გულზე ცეცხლს მინდა მოდება, გვეყო დიაცებრ ცრემლის ღვრა, გვეყო ამდენი გოდება.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა