პოეზია
ჩემი ანგელოზები
ჩემს ანგელოზებს ვენაცვლე,
იმათ ფრთებს, იმათ სახესა!
სხვებს ისე არა სწყალობენ,
მე კაი თვალზე მნახესა:
მოვლენ და მომისხდებიან,
მომიყვებიან დარდებსა,
სანატრელს, ამაგზნებარსა,
საამოს, ია-ვარდებსა;
ცაში ავყევარ, პირადსა
სულ მავიწყებენ დარდებსა,
არ მეტულობენ სხვებისთვის
საუკეთესო ამბებსა.
მე კალამს ვიღებ, ქაღალდზე
ვნიშნავ ტრედივით ნაზებსა,
ზოგს წყლულის გულის მალამოს,
სხვას პირქუშს, გასაბრაზებსა.
ძალი აქვ ანდამატისა
იმ ჩემს დაჯღაბნულს ხაზებსა.
არ დავაყოვნებ, გავგზავნი
სამშობლოს კიდით-კიდესა.
ამბობენ ატირებულსა,
ვინაც კი წაიკითხესა.
ვისც ასცდა იგი ამბები,
დაჰგმეს, ფრიადა ჰკიცხესა;
თავადაც სწუხდნენ საწყლები,
თავში და პირში იცესა,
ხვალისთვის შოვნა ნაწერის
საყდარში დაიფიცესა.
ფიცი ასრულეს, იშოვეს,
ბალღებსაც ხელში მისცესა.
პატარა ქართვლის ბიჭები
აღარ აცლიდენ დიდებსა:
„სად არი? წავალთ, ვიყიდით!“ –
ხელი გაიკრეს ჯიბესა.
უღვთოთ არაა, ვინც კეთილს
საქმეს იქმს შესაჯიბრებსა.
ჩემ ანგელოზთა წყალობით
სამშობლო უყვართ ბიჭებსა,
თვის მიწა-წყალი და ენა,
როგორც სალი კლდე ჯიხვებსა.
[1915 წ.]
შენიშვნები და ვარიანტები:
ხელნაწერი: ავტოგრაფები: ლიტ. მუზ., № 15641 (ორ ვარიანტად: A და B), № 22394 (C).
სათაური: სიმღერა C.
ხელმოწერა: ვაჟა A.
A ავტოგრაფში არის მცირეოდენი სწორებანი:
6 ყოფილა: ამბებსა, – გადასწორებულია: დარდებსა. 12 ყოფილა: საუკეთესოს, კარგებსა, – გადასწორებულია: საუკეთესო ამბებსა. 25 წაშლილია: „თავადაც“, – შემდეგ კვლავ წაშლილია: „თუმცა შესწუხდენ თავადაც“, „ისინიც“, – დასარულ არის: „თავადაც სწუხდენ საწყლები“. 29 ყოფილა: იკითხეს, – გადასწორებულია: იშოვეს. 35 ყოფილა: ასეთს, – გვიან ფანქრით წაშლილია და სამაგიეროდ არის: კეთილს. 37 ყოფილა: ჩემთა ანგელოზთ, – შესწორებულია: ჩემ ანგელოზთა.
B ვარიანტი საკმაოდ განსხვავებულ სახეს ატარებს და მთლიანად მოგვყავს:
ჩემი ანგელოზები
ჩემს ანგელოზებს ვენაცვლე,
რა კაი თვალზე მნახესა!
ხალხისგან უარყოფილი
თავისთან დამიძახესა.
მიკურთხეს ენა და სმენა,
არას დასდევენ სახესა.
„შენ უნდა პოეტი იყო!“
აშკარად ჩამომძახესა.
მას აქეთია განვიცდი
მე ბედის სივაგლახესა.
მტარვალნი მწყევენ და მკრულვენ,
უკეთურებმა მძრახესა.
თუ ანგელოზნი გვერდს მყვანან,
ტკბილად მივიჩნევ მწარესა,
იმათგანა მაქვს ნასწავლი,
რო ვწერ სხვადასხვა ამბებსა,
სანატრელს, ამაგზნებარსა,
საამო ია-ვარდებსა,
ცაში ავყევარ, საკუთარს
სულ მავიწყებენ დარდებსა,
ნაუბარს ქაღალდზე ვნიშნავ,
ზოგს ტკბილს, სხვას გასაბრაზებსა.
ძალი აქვ ანდამატისა
იმ ჩემ დაჯღაბულ ხაზებსა.
არ დავაყოვნებ, ვაახლებ
სამშობლოს კიდით-კიდესა.
ვინაც კი იცნო ჩემადა,
მაშინვე ხელი ჰკიდესა.
ამბობდენ ატირებულსა,
როს დასხდენ, წაიკითხესა.
ვინც ვერ მოასწრო შეძენა,
თავში და პირში იცესა,
ხვალისთვის შოვნა ნაწერის
საყდარში დაიფიცესა.
პატარა ქართვლის ბარტყები
აღარ აცლიან დიდებსა,
ერთი მეორის წინ გარბის,
ვინ ადრე შაიძინებსა.
სახე უბრწყინავთ, გრძნობისაც
გულს იგორებენ ზვირთებსა,
თვალებში მარგალიტივით
ვატყობ მათ ცრემლის წინწკლებსა.
უღვთოთ არაა, ვინც ასეთს
საქმეს იქმს შესაჯიბრებსა,
ჩემ ანგელოზთა წყალობით
სამშობლო უყვართ ბიჭებსა,
თვის მიწა-წყალი და ენა,
როგორც სალი კლდე ჯიხვებსა.
ამ ვარიანტში 16 სტრ. შემდეგ წაშლილია:
ჩემს გარდა არ ასწავლიან
სხვებს, – რომ ეძახით კარგებსა.
37 – 42 სტრ. ნაცვლად პირველად ყოფილა:
ერთი მეორის წინ გარბის,
ვინ ადრე შაისყიდებსა.
შემდეგ ეს სტრიქონები წაშლილია და მათ ადგილას ჩაწერილია:
სახე უბრწყინავთ, გრძნობისას
გულს იგორებენ ზვირთებსა,
პატარა თვალებში ვატყობ
იმათაც ცრემლის წინწკლებსა.
დასასრულ, ლექსის ბოლოში მიწერილია ამ სტრიქონების საბოლოო ვარიანტი, მაგრამ ზემოხსენებული სტრიქონები კი წაუშლელია.
C ავტოგრაფი ყველაზე ადრინდელი ნუსხაა და პირველ ვარიანტს უნდა წარმოგვიდგენდეს:
სიმღერა
ჩემს ანგელოზებს ვენაცვლე,
იმათ ფრთებს, იმათ სახესა,
სხვებს ისე არა სწყალობენ,
მე კაი თვალზე მნახესა.
მოვლენ და მომისხდებიან,
მომიყვებიან ამბებსა, –
სანატრელს, სათაყვანებელს,
გულზე მოსაყვანს, კარგებსა.
ავიღებ, დავწერ ქაღალდზე
ტრედივით დამყაზრულებსა.
გავგზავნი აქეთ-იქითა
თავ-ბოლო მოქარგულებსა.
ყველა[ს,] ვინც იმათ მოისმენს,
მე აუჩქროლებ გულებსა,
სამჯერ ვატირებ დედასა,
ვიდრემდის დაასრულებსა
თვითეულ ამბავს. შვილებს კი
ავაცქვეტინებ ყურებსა.
ცელქობას თავს დაანებებს,
იმ ამბავს დააყურებსა,
თუ გასაყიდიც რამ შაჰხვდა,
ფულებს არ დაიშურებსა.
ასეთი ყოფილა ლექსის პირვანდელი სახე. შემდეგ ამ ვარიანტში ავტორს 7 სტრ. „სათაყვანებელს“ შეუცვლია სიტყვით „ამაგზნებარსა“, 8 სტრ. სულ წაუშლია და შეუცვლია: საამოს, ია-ვარდებსა. შეუცვლია აგრეთვე მომდევნო სტრიქონებიც, მაგრამ ძველი ვარიანტი წაუშლელად არის დატოვებული, ახალი კი მიწერილია მათ გვერდზე, გასწვრივ:
მე კალამს ვიღებ, ქაღალდზე
ვნიშნავ ტრედივით ნაზებსა,
ზოგს წყლულის გულის მალამოს,
სხვას პირქუშს, გასაბრაზებსა.
ძალი აქვ ანდამატისა
იმ ჩემ ნაკეთებ ხაზებსა.
ლექსის ბოლოშიც დამატებულია აგრეთვე რამდენიმე სტრიქონი:
ჩემ ანგელოზთა წყალობით
ანბანს სწავლობენ ბალღები,
შეჰყვარებიათ სამშობლო,
ტანჯული, განაწვალები,
რა მოისმენენ ნათქვამსა,
ცრემლით ევსებათ თვალები.
საკვეხურად მაქვ ყველასთან
მათ ნასწავლები ამბები.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა