ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ჩანგის ხმა

როს მე ხმა მესმის, გრძნობა აღმეძვრის: მზადა ვარ მოვკვდე, მრავლის შემცოდე. ანგელოზი ვარ, ედემში ვფრინავ, წინ მიდგა სახე მაშინ უფლისა, მონაწილე ვარ იმის სუფრისა. მეფე ვარ ამ დროს, ქვეყნის მპყრობელი, უბრალო ჭია, მიწას მძრომელი. მთლად სიწმინდე ვარ, მადლის მთოველი. და ტანსაცმელი ჩემი ყოველი სიწმინდით ბრწყინავს, მზეს უკან სწირავს. აღფრთოვანებით ვერ ძღება გული, ტკბილს ხმებს უყივის კვლავ ჩემი სული. თქვენ, ტკბილო ხმებო, ძვირფასო ძმებო, სადაც კი ჰსუფევთ ცა-ხმელთა შორის, ჩემთან მოგროვდით, თავს შემოგევლეთ, მტლედ დაგედევით! მინდა ჩაეწნათ ჩემ ბედკრულ ჩანგსა, შეუსისხლხორცდეთ მსურს იმის ჰანგსა, დავეწვეინო მსურს იმის ხმასა. და ოდეს წახვალთ ბარსა თუ მთაში, წყაროს ჩაერთვით, ჩაჰსხდებით ვარდში, ან გაეხვევით ქალწულთა თმაში და დაიძინებთ მათ გულის-თქმაში, ჩემის არსების თან თითო ფერფლი გთხოვთ გაიყოლოთ და იგი ცეცხლი თვითეულისა ჰგრძნობდეს იმასვე, რასაც მე დღესა. ხმა სიმართლისა, ხმა სათნოების, თავის განწირვის, ტრფიალებისა გაებას ნისლად ქვეყნისა პირსა, ჰაერად იქცეს შესასუნთქავად; ზეცაში – ღმერთი, მიწაზე – ისა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ჩანგის ხმა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში