ვაჟა-ფშაველა
პოემა
1900

ბრძენი ვირი

(ძველის-ძველი ამბავი) I ვირი რამ, ერთი ჩოჩორი, დიდყურა, უგზოდ მყვირალა, არ ვიცი, სით, როგორ მოხდა, ასე რამ გაამძვინვარა: საჯაროდ გამომდგარიყო, მაღლობიდამა ჰყვიროდა, თავისა გასადიდებლად სიტყვასა როდი ძვირობდა! ყროყინით მთა-ბარს აქცევდა: „ჩემთან მოგროვდით ყველაო, საცა რამ ცხოველები ხართ, თუ გინდათ თავის შველაო!“ ამ უშველებელს ღრიალზედ მხეცებმა ცქვიტეს ყურები, ამბობდენ: „ჩქარა წავიდეთ, საქმეა დასაშურები“. მრავალს შიშით და ძრწოლითა უთახთახებდათ გულები. „გაფრთხილდით, არავინ რა სთქვათ იმისი დასაწუნები, უცხო რამ მხეცი გვეწვია“… ტანით ძლივს მიაქვთ სულები. დაიძრნენ ტყიდამ ნადირნი ვირის მქუხარეს ხმაზედა, არ დარჩენილა არც ერთი არც მინდვრად, არცა მთაზედა, უნდა იახლონ დიდყურას, სცნან, მხეცთ იბარებს რაზედა… მხეცებში არსად მოსჩანდა ვეფხვი, ლომი და მგელია, არც დათვი წამოსულიყო, დარბაისლობის მცველია… ვირის ყროყინზედ ირბინოს, ისე ჭკვა გამოელია?! სეირის საყურებლადა ჯამაათს მოჰყვა მელია, ვირს ის წინადაც იცნობდა, დღესაც იმისი მცდელია. II ვირი გორაზედ შემდგარა, იცქირებოდა გმირულად, თუმცა-კი ქცევა და სიტყვა მას მოსდიოდა ვირულად. ნადირთ ხრო იმის წინაშე სდგას მოწიწებით, მწირულად. ბაგე აღაღო ვირული, ასე დაიწყო ქეცამა: „გული მომიწყლა, ცხოველნო, თქვენმა ტანჯვამ და კვნესამა; თქვენს ბატონად და პატრონად დღეს მე დამნიშნა ზეცამა… დღეიდან უნდა იხაროს, ვინც აქამომდე ეწამა. სჩანს ღვთის ბრძანება ეუწყა ვეფხვსა, ლომსა და მგელსაო, რომ ჩემსა დაბარებაზედ აქ არ მოვიდნენ დღესაო. გაიგებთ, მათ როგორც დავსჯი, სულ ზურგზედ ვადენ ბდღვერსაო!.. იმ დღეს-კი კარგად მივწიხლე ის თქვენი ლომი ქებული, აღმა და დაღმა ვათრიე მთლად თავ-პირ დასისხლებული. მეხვეწებოდა: „ნუ მომკლავ, თუ ხარო მადლით ცხებული!“ და დღესაც მიტომ მემალვის სწორებში გამოკლებული. ვეფხვი, მგელი და დათუნა ვერ შემომხედვენ შიშითა. დიაღ, იციან კარგადა, რომ მათ ვჯობივარ ჯიშითა.“ მხეცები გაოცებულნი წამოყაყანდნენ ვიშითა. ზოგი ამასაც იძახდა: „ეგ ხომ ჩვენც კარგად ვიცითა; რა საჭიროა ნათქვამი არ დაამტკიცო ფიცითა“. უფრო თავ-ზარი დაეცათ, შიშით ეკვროდენ მიწასა, რაკი ვეფხვ-ლომსაცა სწიხლავს, ხმას ვინღა გასცემს იმასა! მხეცთ კვალადა სთქვეს: „არ სტყუის, ჯერ ხმა როგორი ჰქონია, აბა თუ ვისმე მისთანა ტყეებში გაგვიგონია?!. ყურებიც რამოდენა აქვს, დიდი ექნება გონია. ბატონად ამოვირჩიოთ, ძალიან მოსაწონია“… ერთბაშად დაიყრანტალეს, გაიძახოდენ ვაშასა! ვინ მისცემს ასეთს დიდებას თავისს საყმოში ფაშასა! III „ჩვენს ბატონს გაუმარჯოსო“, – ერთხმად ჰყვირიან მხეცები. ამ დროს ტყეს მგელი მოსდევდა თვალებით დანაცეცები. მეტად ჰშიოდა, საჭმლისად ჰსურდა გაეკრა კლანჭია, მხეცთ ღრიანცელი რა ესმა, მყისვე იმათკე გასწია. კუდი მიწისკე დაუშვა, ცხვირი ცისაკე ასწია, და სწორედ იმ დროს, როდესაც მხეცნი ვირს სალამს აძლევდენ, ყმობის პირობას უდებდენ, მოლხენის ცრემლსა აქცევდენ, თავს წამოადგა დიდყურას და დააშტერდა მგლურადა. იამა ღამის გუშაგსა და გაუღიმა ძმურადა. მერე კი კბილი უღრჭინა და მიეტია მტრულადა. მგლის დანახვაზედ მხეცები გაფთხნენ-გამოფთხნენ ტყეშია, მხეცთა ახალის თავისა ლეგ-ჩოხას დაჰრჩა ლეშია. მორთო დიდყურამ ყროყინი, საცოდაობის ღრიალი, მეტად ეზარა მგლის სახე, მისი თვალების ბრიალი. მუხლთ მოეკვეთა შიშითა, მის ბაქი-ბუქი გაცუდდა. ავყიამ ყაყრანტო სტაცა, იქვე ტყის პირას გაგუდა. თქვენგან არ მიკვირს, ერთს ვირთან მგლის შვილს მეშველი რად უნდა!.. მელია მარჯვედ მალული, ჯირკვთან სიცილით კვდებოდა, თან კბილებს აკაწკაწებდა, მგელი რომ ლეშით ძღებოდა. იცოდა, საკმაო კერძი იმასაც წილად ჰხვდებოდა; მგელთან ერთად კი საუზმე კარგად არ დაუჯდებოდა. IV ეს რომ ვირებმა გაიგეს, ბევრი იცინეს ძალიან. რისათვის? ვიტყვი ამასაც, თუ კი მსმენელთა სცალიან: ეს სამგლე ვირი ვირებშიც თურმე თავობას ჰბედავდა, თუ არ თივასა, ჩალა-ბზეს და ნეკერს არა ჰკვნეტავდა; პატრონის ურგები იყო, ერთი ზარმაცი, ოჩანი, როცა პატრონმა აჰკიდის ფქვილი, ან შეშა ცოტანი, ჩაწვის, აკვნესდის, როგორაც ნაძალადევი მგოსანი. პატრონი კარგი რამ ჰყავდა, ვაჟკაცი პატიოსანი: ბარგს ჰხდიდა, მინდვრად უშვებდა, ნავარდობს როგორც ფრთოსანი, გაუტიალა საცოდავს ბაღ-ბაღჩა, მთელი ბოსტანი. და თან ბრძენობას ჩემობდა, როგორც საბჭოში ხმოსანი. ვირებს სულ ამას ურჩევდა: „ავდგეთ, წავიდეთ ტყეშიო, სულით და ხორცით ვიტანჯვით ადამიანის ხელშიო“. ვირები უპასუხებდენ: „არა, ვერ შავსძლებთ მაგასა. ჩვენ ისევ შრომა გვირჩევნავ, ოღონდ კი ვებნეთ ბაგასა, ნამეტურ ზამთრის ყინვაში ტყე და მინდორში ტანტალსა. შრომა რა სათაკილოა! თითონ კაცებიც შრომობენ, ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ, რამდენს სისხლს ჰღვრიან, ომობენ“. ყველასგან მოძულებული ურჩი განდევნეს კრებითა და ახლა მხეცებს მიჰმართა თავის ვირულის კეფითა. ისინი თუმც გააბრიყვა, მაგრამ იმედი წაუხდა, მგელს ჩაუვარდა პირშია და საჯიჯგნავად გაუხდა. V მხეცები ბოლოს ჰკვირობდენ: „როგორ გავბრიყვდით ჩვენცაო, რაზე ვირს თავს დავისვამდით, გაგვიწყრებოდა ზეცაო,
1 / 2
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/