პოეზია
ბნელეთი
(ძველი ამბავი)
რა გაარჩიოს აქ თვალმა:
მზის სხივს ვერ ჰნახავ ვერ-როდის;
არც დილა არი, არც ღამე,
არც-როდის მთვარე ამოდის.
ისმის საზარო ხმა რამე,
ჩანჩხზე ჩქაფუნი მდინარის;
კვნესა და ოხვრა ერთგვარი
იმ არემარის მძინარის;
ამ დაულეველს გმინვასა
უშანთავ ფერი მაღლისა.
კუპრით ნაბარდნი დამდგარან
ტყენი და მთანი გაღმისა.
რა საშიშია აქ ყოფნა,
ერთს წამს დარჩომა კაცისა:
გულს და გონებას წაგართმევს
ხელი ბნელეთის მტაცისა;
გაქვავებული დაჰრჩები,
ნაკუწად კლდისა სალისა.
აქ შენ ხორციელს ვერ ჰნახავ,
არც-როს ფრინველნი ფრინავენ;
არც-როს ღრუბელნი გადმოვლენ
და აქ ნამს არა სწირავენ;
არც ჯიხვნი აიშლებიან,
არც-როს მთიბლები გვრინავენ.
მიკვირს, მაშ, აქ წყალს რა უნდა
ეგრე ხმიანს და მტირალსა,
რად არ დაუნთქავ უკუნეთს,
შაუბრალებელს, მძვინვარსა?!
იტყვიან მკვდართა ცრემლადა
საფლავებშიით მდინარსა.
რა დიდი სასაფლაოა,
რა ბევრნი დახოცილანო,
ქალაქი აუშენებავ,
გვერდის-გვერდ დაწოლილანო,
სიცოცხლით მოუთავსებნი
სიკვდილით მოთავსილანო.
აღარა სძრახვენ ერთურთსა,
სამტროდ არ აძრახდებიან.
ლეში უჭამავ ჭიათა,
ძვალნიც ხომ დამიწდებიან.
სულთა სიკვდილი არ ითქმის,
დრო და დრო აიშლებიან,
ხელს უკიდებენ ერთმანეთს,
მთა-ველად გაიშლებიან;
ჩამოივლიან თავ-თავქვე
ხელგადადებით ერთიან;
ტირიან ქალებურადა,
ცრემლნი ცრემლებსა ერთვიან.
„ღმერთიმც უშველის ცოცხალსა,
ქალსა თუ ვაჟსა – ყველასა,
ვინაც ძმის სამოღალატოდ
არ გასძრავს ხელს და ენასა.
. . . . . . . . . . .
მამულ-დედული ჩვენია.
ნეტავინ ღვთისა მადლითა
მაინც გვრჩენიყვნეს ძენია,
ეგებ სანთელი აენთოთ –
მკვდართ საიაღო ძღვენია,
ანამც სახელი შაედვათ,
ბნელეთელთ მოსალხენია“.
ტირილით დაღალულები
ისევ მიჰმართვენ მიწასა,
ზოგი ლოდს გულზედ იფარებს,
სხვანი ღორღსა და ქვიშასა.
მეტი იმათ ხელთ რა არი,
რა მზე მაუვათ მთისასა?!
მთან აიწევენ ფერცხლებსა,
ასტეხენ შფოთვა-გმინვასა
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა