სიმღერა
ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი
(სიმღერა)
ბედის მომლოდნე უბედო დავრჩი,
გამწარდა ჩემი სიცოცხლე-ყოფა.
სხვას ვერას ვამბობ, ამას ვიძახი:
იმ დედაჩემმა რისთვისა მშობა?
რად ჩაიმწარა ძილის წამები,
რად დამათირა იავ-ნანითა,
თუ ვერ ვნახავდი ერთხელ ნათელსა,
ვეხეტებოდი მუდამ ღამითა?!
თავით მესვენა ღვთისმშობლის ხატი,
გულს მიბრწყინავდა მაცხოვრის შანა,
და დედის ლოცვას მხურვალეს ჩემთვის
გვირგვინად უდგა თავს იავ-ნანა.
ამაოდ დარჩა მშობლისა ლხენა,
გაუკუღმართდა მისი იმედი:
დედა უძლური, შვილი ბეჩავი,
ორივე ვიწვით, როგორც აბედი.
ვაი, რა ფუჭად სიცოცხლესა ვლევ,
როგორ გაცრუვდა იმედი ჩემი!
რა ცუდს ალაგას გარიყა ზღვამა
აფრა-გაშლილი მსრბოლარი გემი!
როცა აღარ მაქვს საგანი სოფლად,
მაშინ მხოლოდა სიკვდილს-ღა ველი.
რა ნუგეშია სიკვდილის ნატვრა?
ვერ ვანუგეშებ თავს მე იმითა!
რა მადლი არის სიცოცხლისათვის
ცივს სამარეში ძღომა ძილითა,
და გულ-მოკლულად სულის დალევა,
მისვლა იმ სოფლად შავის პირითა?!
რა მივუტანო ამბავი გმირთა?
რით ვანუგეშო სამშობლოს მცველნი?
ნუთუ ის ვუთხრა: ძლეულ ვიქმენით,
საქართველოზე ხარობენ მტერნი?!
ვაი, რა ცუდ დროს ჯანღი დაგვეცა,
ვაი, რა ცუდ დროს გაგვიტყდა გემი;
ვაი, რა ფუჭად გული ვაძგერე,
უკვალოდ რჩება ნავალი ჩემი
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა