პოემა
1892ბახტრიონი
I
დღემ დაიხურა პირ-ბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს… ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულ-მკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო-ფშიანი.
გადაიკრიფნენ ღრუბელნი,
ქუჩი გაწირეს ცვრიანი.
გაივსო რძითა მთათ ძუძუ,
დაუშრომელად რძიანი.
მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,
ღალიან-ბარაქიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე,
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთი
ვსუქდები ცოდვილიანი.
მეც მიგემებავ იგი რძე,
რითაც თქვენ დაიზარდენით;
თქვენავე გარგებსთ, დობილნო,
თუ უხვად დაიხარჯენით!
II
გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად,
მუხა-იფნებით ფარული.
იქ ჰყრია დიდი ლოდები
შავფერი, ციხის-კარული,
ლიბო-დათხრილი კოშკები,
უმზეოდ ჩამოგვალული.
ბერი ტიროდა დიაცი,
ისმის ქვითინი ქალური.
რამდენი სიპები აწყვავ!
მოსჩანს აკლდამის პირები.
გმირთა სამარეს, როგორც ხატს,
სამთხვევლად დავეღირები.
ეს ფშაველთ სალოცავია,
დღეს დღეობაა ამისა.
არ ვიცი, თვალი მატყუებს, –
მიშლის წყვდიადი ღამისა!
ხალხს ნუთუ დაჰვიწყებია
წმინდა გიორგი თავისა?!
ეს რაღაც ცუდს საქმეს ჰნიშნავს,
მომასწავებელს ავისა.
საჯარეს დიაცს რა უნდა?
არ თუ ეშინის დავისა?
მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოს დაუკლავ საკლავი,
თვითონვე უტყავებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!
აქ არც ხევისბრის ხმა ისმის,
არსად ფშაური ღრეობა.
ვინ გიჟი იტყვის იმასა,
რომ დღეს აქ იყოს დღეობა?!
ბრალადა ბჟუტავს სანთელი,
ცრემლი წინ უდგა გუბედა.
მტრისამც დედასა გველი ჰკბენს
და ჩაუძვრება უბედა, –
გმირთა აღმზრდელთა ძუძუებს
გაიხდის თავის ბუდედა!
III
უცბად გაისმა ფეხის ხმა,
კაცი გამოჩნდა უცხო რამ,
ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი,
ერთი ყარიბი, უშნო რამ.
სანთლისა შუქზე წამოდგა
დატანჯულისა ფერითა,
მხარზე თოფ-გადაგდებული,
გაბუდებულის წვერითა,
დანჯღრეულ ქარქაშიანი
ხმალი წელს ერტყა წნელითა.
ადვილად საცნობი იყო
კაცი ფშაურის ერითა.
დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს,
ცრემლებს იწმენდდა ხელითა,
იზიარებდა ბებრის დარდს
სახის შაჭმუხვნით ხმელითა.
თავისს დარდებში გართული
დიაცი მიჰხვდა ვერასა,
ტიროდა, ემდურებოდა
ხოშარელთ ბედისწერასა.
გულს იმჯიღავდა, ჰკითხავდა
ნანგრევებს ცრემლის დენითა:
„სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში,
კვნესა რად ისმის ჩვენითა?
როდემდის უნდა ვსტიროდეთ,
მიწა ვასველოთ ცრემლითა?
ან მიწა რად არა ძღება
დამდნარის გულის წვენითა?!
როდემდის უნდა ვიბანოთ
სისხლით პირი და ხელები?
შვილთა მაგივრად დედებსა
ძუძუს გვიწოვდეს გველები?!
როდემდის უნდა ფეხითა
ვლახოთ ჩვენივე წელები,
ცეცხლები გვერტყას ათასი,
გულის, გონების მწველები?!
ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს
ამ ფშავის ხევის მცველები!“
დიდხანს უცქირა უცნობმა
მოხუცის მოთქმას მწარესა;
მიჰხვდა, რომ უბედურება
სწვევია ფშავის არესა.
ათრთოლებულის ხმით ჰკითხავს
უცნობი უცნობს დიაცსა:
მგზავრი
– ვინა ხარ, ნეტარ, დედილო?
ვისას რას მოსთქვამ ზიანსა? –
ვერ გაიგონა ნათქვამი,
ისევ ზარს ამბობს ხმიანსა…
– შენ გეკითხები, დედაო,
რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა?
სანათა (ბებერი)
მადლობა ღმერთსა, თუ კიდევ
კაცი ვიხილე თვალითა. –
ადგა და ჯოხზე დაეყრდნო
ხანხალით, ძალის-ძალითა.
– მოხვედი, შვილო, მშვიდობით.
შვილო, წყალობა ხატისა!
აღარ მეგონა, თუ მამრი
კიდევ მიწაზე დადისა…
მგზავრი
შენიმცა მწყალობელია,
შენთა შვილთა და ქმარისა.
ერთს გკითხავ, დედა-შვილობას,
მითხარ პასუხი ამისა;
დიაცს ვინ მოგცა ის ნება,
საქმე აკეთო მამრისა?
ვფიქრობ, დროება დამდგარა
იმ მეორ-მოსვლის წამისა.
ხომ არ აყრილან ფშაველნი,
ჩქამ¹ რო არ ისმის ხალხისა?
როგორც მინახავ, არ არის
ლხინი კაცის და ქალისა.
შენობა მინდა გავიგო,
ვარ თქვენის მიწა-წყალისა.
სანათა
ჩემ რა იკითხვის, დედილას,
უკლოსი, ბედით შავისა,
დავკარგე ყველა თვის-ტომი,
ვინაც-კი მყვანდა თავისა…
წარღვნა დაგვეცა ხოშარელთ
წყეულის თათრის ჯარისა.
მამრთა შააკლეს მტერს თავი,
ხსენება გასწყდა კაცისა.
გასუქდა ხოშარის გორი
სამარეებით ხშირითა.
ვინც დავრჩით ცოცხლად დიაცნი,
დახოცილებსა ვსტირითა.
ჩვენ რო გვნახავენ მტირალთა,
ბალღებიც ატირდებიან;
გლოვის მიზეზსა გვკითხავენ,
დედებს რომ გვაკვირდებიან;
არ მიიღებენ პასუხსა,
უფრორე აყვირდებიან;
ძუძუთ ვათირებთ² ბალღებსა,
რძისთვინ რო აბირდებიან!³
რად გვინდა დედებს შვილები?
რაზედ ვსწვალდებით, ნეტავი?
გაჰზდი, გალაღებს ვაჟკაცი,
ლამაზი, გორის მდრეკავი.
გალაღებს, მაგრამ ტყუილად:
დღეს მთელი, ხვალე მკვდარია;
მოვა, წაიღებს უეცრად
სისხლისა ნიავ-ღვარია!
პირსისხლიანის მსინჯველი
შვილის, დუშმანიმც არია!
სანათაი ვარ მე, შვილო,
აფხუშოური ქალია.
აქა ვარ გამოთხოვილი,
ბერიძე მყვანდა ქმარია.
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთს დღესა,
მამაც იმათთან მკვდარია.
ხოშარის გორზედ დავმარხენ,
თავზე დასტირის ქარია.
ორს კვირას საფლავებ ვსთხარე,
იმათ თავშესაფარია. –
რა ეს სთქვა, ამოქვითინდა,
1 / 8