ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ბალღი რასაცა ვხედავდი

ბალღი რასაც ვხედავდი, იმასვე ვხედავ დღესაცა: რაც ადამის დროს ჰქონია, ის გულივე აქვ დედასა. მეტი, შვილისთვის ერთგული, არ ჰყავ ჩემ თვალთა ხედვასა. რაც უნდ სთქვით, ყველაზე მეტად ღმერთი ამშვენებს ზეცასა; ვაჟკაცს – სამშობლოს ტრფიალი, თუ შესძლებს, გაიბედავსა, თავს დასდებს მამულისათვის, გულში იმრავლებს კვნესასა; მკვდარს – საიქიოს ცხონება, აქ – სანეტარო სახელი, როს ყველას გულში უნთია მის სახე, როგორც სანთელი. დიან ძველებრივ ნისლები უცვალებელის წესითა, არა დგებიან ერთ ალაგს უფესვოები ფესვითა. გაზაფხულს მოსდევს ზაფხული და შემოდგომას – ზამთარი. ყველას ჰყავ თვისი მხლებელი, როგორაც ქორწილს მაყარი. მზე გვათბობს, სიცივე გვყინავს, დარდი გვაოხრებს, გვატირებს, ტრფიალი გვკოცნის პირშია, მტრობა მუშტს შემოგვაღირებს. კოცნა შვილია ტრფობისა, ფურთხი და მტრობა – ზიზღისა. მუდამაც ასე იქნება, ვინც სოფლის წესი იცისა. ვნებათა იგივეობა წესია დედამიწისა. დღევანდელი ყმა, იქნება, ხვალ-ზეგ ბატონად ხდებოდეს, ხვალ ოქროს ტახტი დაიდგას, ვინც მონობაში კვდებოდეს. თუ წინად ასე მომხდარა, დღესაც ასევე იქნება: გამეორება არ მოხდეს, ისე ვერ გარდაიქმნება ადამიანის სიცოცხლე და მასთან მთელი ბუნება. მიტომ ვმღერ დაუცხრომელად, საფლავშიც ჩავალ მღერითა: „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, ტანჯულ ქართველი ერითა!“
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ბალღი რასაცა ვხედავდი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში