ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ბაღი ვიხილე გუშინა

ბაღი ვიხილე გუშინა: ია-ვარდითა ჰყვაოდა. მცენარეულით სავსეა, სიტურფით სხვადასხვაობდა. დღეს ვნახე… გული მომიკვდა, რომ ბაღი არარაობდა, ზედ დადიოდა ნახირი, ზოგი ხტის, ზოგი ბღაოდა, და ცაში ნიშის მოგებით შავი ყორანი ჩხაოდა. გუშინა ვნახე ჭაბუკი: ლაღი, ყელ-მოღერებული, მტერთან და მოკეთესთანა საფრად გულ-მოჯერებული: მოკეთესთანა – სიკეთით, მტერზე ხმალ-ამოღებული, და დღეს-კი წელში მოხრილი, ყველასთან მოფერებული. გუშინა ვნახე ქალ-ვაჟი, ყელ-ყელზე გადაჭდობილნი, ყველასგან ურთიერთისა მოსიყვარულედ ცნობილნი, და დღეს-კი ერთმანერთისა დაუდეგარად მწყევარნი: არ იზავებდენ ერთმანერთს, როგორაც კურდღელს მწევარნი, ერთი ერთისა, სხვა სხვისა მოარშიყედა მდევარნი. გუშინ ვიხილე ყმაწვილი, დედის გულ-მკერდში ჩაკრული, დედას უბღუჯავს ძუძუებს, ტკიპივით იყო დაკრული; და დღეს-კი იმისვე ხელით მისი მშობელი დაკლული. გუშინა ვნახე მდინარე: აღვარებული ქოთობდა, და დღეს-კი დადინჯებულა, იგი აღარა ლოთობდა, – ქვებს დაესვენა, ხეებსაც, ჭკვიანად მოდის, უმადა, გადაქცეულა საწყალი სახრავ და სათლელ დუმადა: მხოლოდ ამას-ღა დუდუნებს: „თავისთვის ვიყო ჩუმადა!“…
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა