პოემა
1898ახუნდი
(ძველი ამბავი)
I
იყო ძველ დროში ახუნდი,
კაცი გათქმული ქველობით.
თვით მოლა იყო ეფენდი,
მეჩეთს მწირველი ხელობით,
და თავს იქებდა მუდამა
ქვრივთა და ობოლთ მცველობით.
თვის მრევლსაც მასვე ურჩევდა,
მეჩეთის ბანით ჰყვიროდა,
დავრდომილთ დახმარებაზე
რჩევასა არა ძვირობდა,
მის სიმართლეს და სიწმინდეს
მთელი ქვეყანა ჰკვირობდა.
დილით გამოვა ქუჩაზე
თავ-შებურვილი ჩალმითა,
ჩიტთა, ბუზთა და ჭინჭველთა
ეგებებოდა სალმითა.
ნელ-ნელა მოაბიჯებდა,
ძირს ჩაღუნულის თავითა.
თუ ვის ჩქარ-მავალს ჰნახავდა,
აივსებოდა ბრაზითა:
„ბრიყვნო, უღვთონო, ცოდვილნო! –
უკიჟინებდა გროვასა: –
თავ-აღებულნი რომ გარბით,
წინ დაიხედეთ ცოტასა;
აქ რომ ჭინჭველა მიცოცავს,
ფეხით რად სთელავთ იმასა?
ნეტავ სით დაემალებით
იმ სატანჯელსა ღვთისასა?!“
თითონ ფეხთ ეჟვნები ება,
იარებოდა დინჯადა,
რომ მწერთა ცოდვა და სისხლი
წმინდანს არ ეღო კისრადა.
II
მაგრამ რო შაბინდდებოდა,
მიიძინებდენ ყველანი,
უნდა გენახათ ახუნდი
და მისნი ქადაგებანი!
მოლის ტანსაცმელს იხდიდა,
ფარ-ხმალ-ზუჩშია ჯდებოდა,
სად დუქნებს სტეხდა, ხალხს სცრცვიდა,
სად სრა-სახლებში ძვრებოდა;
არც ქვრივ-ობოლთა ზოგავდა,
ვინ იცის, რასა შვრებოდა!..
ურიცხვი ჰქონდა ნადავლი,
მიტოლებული სარდაფსა…
დღე ისევ გამოდიოდა,
სცემდა სიწმინდის დაფ-დაფსა.
დაუნაშავართ იჭერდენ,
არჩობდენ, ჰჟლეტდენ ჯალათნი,
ვითომ იმათგან იცარცვის,
აკლებულია ქალაქი.
საწყლები ხატ-ღმერთს ჰფიცავდენ,
იხოშებოდენ ცრემლადა:
„არა გვაქვს დანაშაული“, –
ყველა იძახდა ერთ-ხმადა.
ახუნდზე ვინ რას იფიქრებს,
ცნობილა ქვეყნის ღმერთადა?!.
III
ერთხელ ყეინთან მოვიდა
მოხუცი ოხვრა-ტირილით
და შაევედრა მეფესა
ყელ-გადაგდებით, ჩივილით.
– საჩივარი მაქვს, ბატონო,
გთხოვ მომისმინო თხრობილი,
და ნუ შემრისხავ ამაზე,
რადგან მეფე ხარ ცნობილი.
– აბა რას სჩივი, მოჰყევი…
არ კი იყბედო მრუდია,
თორემ, ხომ იცი, რომ მაშინ
საქმე მოგივა ცუდია.
ამდენი ჯალათთა ჯარი
აქ იმიტომა ჰყუდია,
რომ ვინც ამაოდ გვაწუხებს,
იმას გულში ჰკრან შუბია! –
სთქვა მედიდურად ყეინმა…
ოქროს ჩიკაზე ჰყუნთია,
ყალიონს სწევდა, თან გვერდით
ედგა თუთუნით ყუთია.
– სიმართლეს გეტყვი, მეფეო,
ჩემის შვილების ლხენამა.
სიცრუე მეფის წინაშე
როგორ უნდა თქვას ენამა?
ოთხმოცი წლისა ვიქნები,
ვინ მნახა, ამის მეტადა,
თქვენთან საჩივრით მოსული
სიცრუის დასაყბედადა?
წუხელ ახუნდი დაგვეცა,
წმინდანად რომ ვთვლით თათრები,
ის იყო, ნამდვილად ისა,
სულ დაგვიბნია დავთრები!
რაც რამ მებადა წამართვა,
დამიწიოკა ბალღები.
საჩეჩელიც კი გამტაცა,
რითღა დავჩეჩო მატყლები?
თუ ეხლავ კვალზე მივყვებით, –
ვიპოვით, დაუმცდარია,
ჩემს საჩეჩელზე ნიშნადა
ძირის ფიცარზე მთვარეა.
მიშველე, თავს შემოგევლე,
მოვძებნოთ, შემიბრალია!
ყეინი ფრიად განრისხდა,
ვით მეფეთ წესი არია,
შემოუყვირა მსახურთა:
„ეს დედაკაცი მთვრალია!
თუ მთვრალი არა, უთუოდ,
ეტყობა, ჭკვაზე მცდარია.
ახუნდზე, ჰხედავთ რას ამბობს,
რაებსა სჩმახავს სულელი?!
ჩემის სამეფოს დიდების
ჩირქის მოცხების მსურველი.
მობრძანებულა ჩემთანა,
ჩემის გულისა ჭირადა,
ეს ჩემი შეურაცხყოფა
უნდა დაუსვა ძვირადა:
კუდზე მოაბით შავს ცხენსა,
ისე გაუშვით მინდვრადა,
რასაც დღეს ფიქრობს, ის ხვალე,
აღარ მოუვა ფიქრადა.
დაუნაშავრად მოხუცი
გახდა სანიშნე ფიცრადა“.
ჯალათთ რა ესმათ ბრძანება,
ასრულდა ნება მეფისა,
და გაიფანტა ველზედა
თმა და ძვალები ბებრისა.
IV
გავიდა ცოტა რამ ხანი,
ახლა სხვა ჩნდება მჩივანი,
ახუნდის ავაზაკობის
უფრო ხმა-მაღლა მყივანი.
შეწუხდა ფრიად ყეინი,
შეწუხდა მისი მდივანი.
ისიც ცხენს დააჩქლეთინეს,
ცხარე ცრემლების მცვივანი.
ოცი სხვა მოდის კიდევა
ახუნდ-წმინდანის გმობითა,
მიჰმართეს მეფის სრა-სახლსა
ვაით და ერთის ყოფითა.
კარის დარაჯთა ეს გროვა
ვერ შეიმაგრეს თოფითა.
შეჰვედრა გროვამ ყეინსა
დიდის სალმით და ჩოქითა:
„აი, დაგვხოცე მეფეო,
შენს ნებასა ვართ ყველაო,
ხოლო სიმართლის თქმისადა
რად გინდა ჩვენი გვემაო?
ჩვენ თვითაც ვკვირობთ, ახუნდი
ხალხში როგორა დგებოდა?!.
რას ვიფიქრებდით, თუ იგი
ყაჩაღი გამოდგებოდა!
ნათქვამს არ დავიჯერებდით,
რომ არ გვენახა თვალითა
თოფ-იარაღში ჩამჯდარი,
ხელში შიშველის ხმალითა.
გვართმევდა სარჩო-საბადსა
წმინდანი კაცი ძალითა.
განა არ გვიჭირს ამის თქმა,
განა არა გვწყინს რაც ვნახეთ?
როგორ დავმალოთ, არა ვსთქვათ,
როცა ვიცანით მის სახე?
მობძანდით, თქვენაც იხილეთ
სახლის ძირითა სართული, –
ვიცით, ახუნდი იქ არის
სიმდიდრის თვლაში გართული“.
მაშინ წამოდგა ჰუსეინ
ვაზირი, კაცი ჭკვიანი,
და მოახსენა მეფესა
სიტყვა წყნარი და ფხიანი:
– „ჩვენო მზეო და მთვარეო,
მფარველო თათრის ერისა,
მეფეთ-მეფეო ძლიერო,
რისხვის მიმცემო მტერისა!
გთხოვ, მოისმინოთ ნათქვამი
თქვენისა მიწა-მტვერისა.
ეს ამოდენა დუნია
რომ აღარ იშლის, ჰყვირისა,
უნდა წამალი ვეძიოთ
ამ საქმის გასაჭირისა,
წმინდანს რა დაუშავდება –
სახლი გავჩხრიკოთ იმისა?“
ყეინმა „ბალი“ დაუკრა,
გროვაც აღარა სტირისა.
V
შებინდდა. მოლა ახუნდიმ
სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა:
ტანზე აისხა აბჯარი,
პირზე ნახშირი წაისვა.
1 / 2