ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ათასჯერ მოხვედ, იავო

ათასჯერ მოხვედ, იავო, მგოსანო გაზაფხულისა, მეგონე წინამორბედი მომავლის სიხარულისა, მთესველი კაცთა შორისა ძმობის და სიყვარულისა… თვალ-დამშეული ვუცქერდი შენს ნაზს და ტურფა ფერასა, ვფიქრობდი, ამიყვავებდი მინგრევ-მონგრეულ კერასა, მაგრამ ჩემს დიდის ხნის წყლულსა შენც ვეღარ ჰშველი ვერასა. დღესაცა გნახე მოსული უღრანს, უდაბურს ტყეშია; ლამაზი, ტურფად მოსილი, მადლით შემკული ფერშია. აღარ მოგეცი სალამი, არც აგიყვანე ხელშია: დამღალა შავმა ფიქრებმა, გრკალად მომხარა წელშია, გაუღონოვდა გულიცა, ვეღარც გაკოცე ყელშია… ვეღარც მიძგერებთ წინანდლებრ გულს ვერც შენ, ვეღარც ხევია, რომ მოაგორებს ლოდებსა, მოგრგვინავს, როგორც დევია; კაცს ეგონება, ხმელეთი დაუპყრავ, დაუძლევია და, ფიქრით გატაცებულსა, უკან არ დაუხევია, კლდეებ-ლოდებთან ბრძოლაში წარბიც არ შაურხევია… გულს მითაც თქვენის ნახვითა მაღლა ვერ აუწევია, ვარამს უქენჯნავ, გლახ, გული, კალთები ჩაუხევია…
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა