ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

არწივი (1893)

არწივო, შენა? – გახლავართ სწორე! ახლოს რად მოხვალ, არ მივლი შორე?! – რადა და მადა, მიყვარხარ დიდად, ვიუბნოთ თუნდა წყნარად და მშვიდად: ნუ გადამექცეს ხვალ დილა ღამედ, ღმერთი გამიწყრეს, თუ გავნო რამე. – მითც ვერ გენდობი: კაცი ხარ, კაცი, ჩემზე მოსისხლე, სხვის სარჩოს მტაცი; მაგრამ თუნდ მომკლა, გარგივარ რაში?! სახელს ვერ მოჰხვეჭ ამით შენ მთაში. მაინც რას ჰპოვებ ჩემს ბუმბულ-ფრთაში? უნდა დამკიდო მარგილზე კარში, ბუზთა საჭმელად, კოღოთა ჯარში. – არა… ყურს გიგდებ… ვერ გამტეხ, ვერა!.. – ჩემსკენ თვალები გადმოაბღვერა; ძალა სულისა მათში ეწერა. – აბა, მიამბე, მკითხავდი რასა, რაზე იღალავ ენას და ყბასა? – რა ინადირე გუშინ ან დღესა, ვერავის ადენ ბურტყლსა და მტვერსა? რამდენი მოჰკალ ამ ორმოც წელსა? რამდენის ცოდო დაიდე ბჯღალზე, რამდენს ადინე ცრემლები თვალზე?! – მრავალი, ბევრი… სად ძალმიძს ვსთვალო!.. ვიცი, რომ ბლომად გავლეწე კალო. მრავალ ვქმენ საქმე მე სავალალო. მაგრამ მსხვერპლს ვეძებ მე, როცა მშიან… მიყვარს, როს ცაზე წერონი დიან. – მაშ სინანული არა მაქვს გულში, მაგდენის ცოდვით აღსავსე სულში?! – ცოდვა რას ჰქვიან, არ ვიცი, არა! ნუღარას მკითხავ, ეს თქმაცა კმარა… – არც მტრობა იცი? არ იცი შური? – ვისში რა ვპოვო მე შესაშური?! მტრობა კი ვიცი, არ უნდა ფიცი. მწადიან მტრისა ვიყარო ჯავრი, როს ჩემზე მოაქვს ხმალი და ფარი. არ დავანებებ ჩემს საკუთნოსა, თუ მიდგა კიდევ მე სისხლის ცვარი. – ისიც მითხარი, სადა გაქვს ბინა? გაქვს თუ არა გაქვს, შენ თავის „შინა“? – მაშ ეს რა არის შენს თვალებს წინა? ყველგან სახლი მაქვს, საცა მთებია, საცა სალი კლდე ანაგებია, საც სანადირო ალაგებია. – არა გყავს ცოლი, არა გყავს შვილი, – გულის სადარდო, დაგიფთხოს ძილი? – ჯერ არ მსმენია მე სიტყვა „მამა“; ვითომა მყავდენ, წაიღო ქარმა; მე იმათ ვერ ვსცნობ, ისინი მენა… მოკლე ხნისაა ფრინველთა ენა. – მაშ არც ვინ გიყვარს, შე კარგო, შენა?.. მაშ რასა ჰნიშნავს ეგ მძლავრი ქშენა? დადუმდა ეხლა, დაება ენა. დაჰკიდა დაბლა ამაყი თავი, ზედ ეტყობოდა ნისკარტი ავი, ბოლო-მოხრილი, როგორაც კავი. ჩამოსქდა ცრემლი… მდუღარე, ცხელი… მეც მივიფარე თვალებზე ხელი.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა